სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც "აჭარის ტელევიზიის" ჟურნალისტის თქმით თურქმა მებაჟემ ხელი გადაუგრიხა, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე დღეს დილით მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტებები აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ და თურქეთის კონსულმა გააკეთეს.
სარფის საბაჟოზე დილით შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ თურქმა მებაჟეებმა ისინი გაურკვეველი მოტივით უკან მოაბრუნეს და რამდენიმედღიანი დეპორტაცია გაუკეთეს.
"აჭარის ტელევიზიის" ჟურნალისტის ცნობით კი თურქმა მებაჟემ საზღვარი გადმოკვეთა და მას ხელები გადაუგრიხა, ასევე პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი მოსთხოვა.