აშშ მხარს უჭერს ერთიან ერაყს „ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად და ირანის პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე ერაყის ქურთისტანში გამართული რეფერენდუმის შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაზე კონცენტრირება.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთანაც განიხილა.
ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 25 სექტემბერს გაიმართა. ამჟამად მიმდინარეობს ხმების დათვლა. წინასწარი შედეგები უახლოეს საათებში გამოცხადდება. ქალაქ კირკუკში კი რეფერენდუმის წარმატებით ჩატარებას უკვე ზეიმობენ.
ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს.