„მილიონი კი არა, პოლიტიკაში კაპიკი არ მიშოვია! საქართველოს ჩემი მხრიდან ერთი ლარის ზარალი არ მისდგომია და არც არასდროს მიადგება!"
გასულ კვირას ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა. „ფორუმელებმა" ასევე დატოვეს თანამდებობები, რომლებიც მათ საქართველოს პარლამენტში ეკავათ და განაცხადეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ვესაუბრებით „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის აწ უკვე ყოფლ ვიცე-სპიკერს გუბაზ სანიკიძეს.
- ბატონო გუბაზ, როგორ ფიქრობთ, კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლა დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?
- კახა შარტავას ტერმინს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ კოალიცია კი არ დაიშალა, არამედ გაიშალა, რაც ნამდვილად დადებითი მოვლენა და წიგნადადგმული ნაბიჯია. წელს ისეთი საინტერესო საარჩევნო კამპანია გაჩაღდება, როგორიც საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს!
- პირდაპირ გკითხავთ - თქვენი და „ქართული ოცნების" გაყრის მიზეზი ეროვნულ იდეოლოგიასთან დაკავშირებული ურთიერთშეუთავსებლობა ხომ არ ყოფილა?
- პარტია „ქართული ოცნება" თავის იდეოლოგიაში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მაინც ეროვნული ძალაა. რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს", თავიდანვე ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე შეიქმნა და ეს ჩვენი მკაცრად ჩამოყალიბებული პლატფორმაა.
თუ დაუკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ტერმინი - „ქართველი ერი" - ჩვენი საზოგადოებრივი ლექსიკონიდან კარგა ხანია, ამოგდებულია. ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია „ასავალ-დასავალი", რომლის ფურცლებზეც ქართველობასა და ქართველ ერზე ლაპარაკის დეფიციტი არ არსებობს და ბარაქალა თქვენს გაზეთს!
თუმცა, ზოგადად, პრესა, ტელევიზია, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცნობილი ადამიანები მუდმივად იყენებენ ტერმინს - „საქართველოს მოსახლეობა".
„ეროვნული ფორუმი" და პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენ ხალხი „საქართველოს მოსახლეობად" მოვიხსენიოთ, რადგან ჩვენ ვართ ქართველი ერი, ათასწლეულთა ქარტეხილებში გამობრძმედილი ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი ხალხი დედამიწის ზურგზე!
ჩვენს წინაპრებს ამდენი იმიტომ არ უომიათ, რომ საკუთარ თავს ქართველი ერის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობა დავუძახოთ!
აქვე აღვნიშნე, რომ ქართველ ერში მარტო ეთნიკურ ქართველებს კი არა, ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელს ვგულისხმობ, ვინც საქართველოს შვილია და ვისთვისაც საქართველო სამშშობლოა!
- რადგან ქართველობასა და ეროვნულობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე - როგორია თქვენი პოზიცია ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით და ემხრობით თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?
- პირდაპირ გეტყვით - კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ქორწინება, პარლამენტის გადასაწყვეტი კი არ უნდა იყოს, არამედ ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს!
ვთქვათ, დღეს საქართველოს პარლამენტმა 113 ხმით მიიღო ოჯახთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორება, მაგრამ მომავალში ისეთი პარლამენტი რომ შეიკრიბოს, რომელიც ამ ცვლილებას გააუქმებს, მერე რას ვშვრებით?!
ამიტომაც საკითხი - არის თუ არა ოჯახი მამაკაცისა და ქალის ქორწინება? - პირდაპირ რეფერენდუმზე უნდა გავიდეს და კონსტიტუციაში დაფიქსირდეს არა 113 პარლამენტარის, არამედ სრულიად ქართველი ერის ნება!
- ე.ი. პირადად თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგებით?
- რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგებით და ამასთნ დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს! მორალურ მხარეს თავი რომ დავანებოთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბიოლოგიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია! მითუმეტეს, ისეთ მცირე და დემოგრაფიული პრობლემების მქონე ერში, როგორც ჩვენ ვართ!
- ბატონო გუბაზ, ახლა რამდენიმე უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ და იმედი მაქვს, გულწრფელად მიპასუხებთ.
- მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გულახდილად გიპასუხოთ.
- ჯერ კიდევ 2012 რწლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელდ თქვენი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა გარკვეულმა თემამ უსიამოვნო კონტექსტში გაიჟღერა. ამის გამო ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ დაგეძაბათ და არ გაგიფუჭდათ?
პირდაპირ გეტყვით - იმ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისაგან წამიერადაც არ მიგრძვნია, რომ ჩვენს ურთიერთობაში რამე გაფუჭდა და ამისთვის დიდ მადლობა ვუხდი!
ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის უბრალო კაცი! მან შეიძლება, მხოლოდ საქმის ღალატი და ორგულობა არ გაპატიოს! ბიძინამ ძალიან კარგად იცის, რომ მე საქმისთვის და ქვეყნისთვის არ მიღალატია!
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს ამბავი! ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი და ბიძინა ივანიშვილის საქმეა და არავისი სხვისი! ხმამაღლა ვამბობ - ბიძინა ივანიშვილს პირადი ურთიერთობა საქმიან ურთიერთობასთან არ გაუიგივებია და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდი მადლობას ამის გამო!
- საყოველთაო განხილვის თემად იყო ქცეული თქვენი კიდევ ერთი საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც ამბობდით, რომ მილიონის შოვნა გინდოდათ და სხვა არაფერი გაინტერესებდათ.
- ჩემს სახლში, ჩემს მეგობართან, ჭიქა ღვინით ხელში, შესაბამის გუნებაზე მყოფმა ვთქვი, რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე, ბიზნესს მივხედო და მილიონი ვიშოვო.
დიახ, პოლიტიკიდან თუ წავალ, არავის საქმე არ არის, რას გავაკეთებ!
მილიონი კი არა, პოლიტიკაში კაპიკი არ მიშოვია! საქართველოს ჩემი მხრიდან ერთი ლარის ზარალი არ მისდგომია და არც არასდროს მიადგება!
როცა პოლიტიკიდან წავალ, რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ მატერიალური დოვლათი დავაგროვო, რადგან ძალიან ბევრი სურვილი მაქვს, როგორც საკუთარ ოჯახთან, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით!
სხვათაშორის, რაჭაში ძალიან კარგი ვენახი მაქვს - ხვანჭკარა, ალექსანდროული და მუჯურეთული! ჩემი მომავალი სწორედ რაჭაში, ჩემს ვენახში წარმომიდგენია!
ქალაქში ცხოვრებას და, მითუმეტეს, ქალაქში სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ!
- როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან უცნაურად და ყველასათვის მოულოდნელად წავიდა, თქვენ პარლამენტში გამოხვედით და თქვით, რომ ქართველ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, რატომ გადადგა მისი მთავრობის მეთაური? ამ კითხვაზე პასუხი თუ მიიღეთ?
- არა, ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არც მე მიმიღია და არც - ქართველ ხალხს!
რამდენიმე ქვეყნის ელჩი პირადად მეკითხეოდა, იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ, პრემიერ-მინისტრი რატომ გადადგაო?!
ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია და ჩვენი ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმავდროულად კოალიციის ლიდერი და წამყვანი პარტიის თავმჯდომარე იყო, არამარტო თანამდებობიდან გადადგა, არამედ, საერთოდ, პოლიტიკური სივრციდან გაქრა!
ისიც უნდა ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და მაკავშირებს, რადგან ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვან პროექტებში მისგან სერიოზული მხარდაჭერა მქონდა!
სხვათაშორის, ძალიან კარგი და სერიოზული ეროვნული პროექტები განვახორციელეთ, რომელთა შესახებ სხვა დროს ვისაუბრებ და იმედი მაქვს, „ასავალ-დასავალი" თავის მაღალ ტრიბუნას დამითმობს.
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღარც კოალიციაში ხართ და აღარც საპარლამენტო უმრავლესობაში, იღებთ თუ არა თქვენს წილ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა იმ ფორმით და იმ მასშტაბით, როგორც ამას ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ელოდა?
- პირდაპირ გეტყვით, რომ სასამართლოში კატასტროფული ვითარება გვაქვს!
ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ პარლამენტში მხარი დავუჭირე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამ წევრს, რომლებმაც შემდეგ მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებას მისცეს ხმა!
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც ამომრჩევლისათვის პასუხის გაცემა მოგვიწევს, ის არის, რომ სასამართლო რეფორმა ვერ განვახორციელეთ!
დიახ, სამართალი საქართველოში ისევ დიეტაზეა და პურს ვერ ჭამს!
სამართლიანობის აღდგენის პროცესი ადგილიდანაც კი არ დაძრულა!
თანაც, აქ მარტო პოლიტიკური კი არა, ეკონომიკური სამართლიანობის აღდგენაზეც არის ლაპარაკი. შვიდასამდე საწარმო და უძრავი ქონება,რომელიც წინა ხელისუფლებამ კანონიერ მფლობელებს წაართვა, დღესაც სახელმწიფოს უდევს ჯიბეში! რა უშლიდა ხელს, რომ ეს ქონება კანონიერი მფლობელებისათვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაებრუნებინა ჩვენს ხელისუფლებას?!
- პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში გავრცელებული მოსაზრებაა, რომ აწ უკვე დაშლილი კოალიციის არცერთ სუბიექტს, გარდა პარტია „ქართული ოცნებისა", საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არა აქვს. როგორ ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური გაერთიანება - „ეროვნული ფორუმი" - საარჩევნო ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას შეძლებს?
- „ეროვნულ ფორუმს" ძალიან სერიოზული შანსი აქვს, რომ არამარტო საარჩევნო ბარიერი გადალახოს, არამედ იმდენი ხმა აიღოს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი უჩვენოდ ვეღარ განხორციელდეს!
ჩვენ არ გაგვაჩნია ფინანსები, მაგრამ „ეროვნულ ფორუმს" მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ძლიერი პარტიული სტრუქტურები აქვს.
სხვათაშორის, კახა შარტავა პარლამენტში რომ არ შევიდა და პარტიაში დარჩა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარტიული სტრუქტურების შენარჩუნება და გაძლიერება იყო, რაც მან შესანიშნავად მოახერხა!
- ე.ი. ფიქრობთ, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდებით?
- არამარტო მომავალ პარლამენტში მოვხვდებთ, არამედ არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ და „ეროვნული ფორუმი" იქნება ის ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის გარეშეც ვერავინ ვერაფერს მოაბამს თავს!
- დაბოლოს, ბატონო გუბაზ, მამათქვენმა - ცნობილმა ქართველმა მწერალმა ლევან სანიკიძემ საქართველოს ისტორიიდან 309 ქართული სირცხვილი ამოკრიბა და ერთ ნაწარმოებში მოუყარა თავი. დამისახელეთ კონკრეტული ფაქტი ან მოვლენა, რომელიც თანამდროვე საქართველოს 310-ე სირცხვილად მიგაჩნიათ!
- თანამედროვე საქართველოს 310-ე სირცხვილად ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა მიმაჩნია!
თავის დროზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დამოუკიდებლობის დაკარგვად და ბოლშევიზმის გაბატონებად დაგვიჯდა, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შედეგს კი დღემდე ვიმკით და ეს შედეგი ჩვენი დამცრობილი ქვეყანაა!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა