logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია, წელიწადში 4 მლნ მგზავრს მოემსახუროს
- +

26 სექტემბერი. 2017. 20:15


თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. ამით საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დასრულდა და მოფრენის ახალი ტერმინალი ექსპულატაციაში შევიდა.  მოფრენის ახალი ტერმინალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და ,,ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტ სანი შენაერთთან ერთად.


ახალი ტერმინალის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ ავიაციასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.


ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარია. მინისტრის განცხადებით, თუ გვსურს, რომ საქართველო გახდეს რეგიონში ეკონომიკური ბიზნეს-ლოგისტიკური ჰაბი, ეს აეროპორტიდან უნდა დაიწყოს.


„სინამდვილეში ხარისხობრივად მომსახურების დონე, რა თქმა უნდა, გაიზრდება. კომფორტული იქნება ჩამოფრენა და გაფრენა თბილისიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ციფრებში იზომება და დღეს ამ რენოვაციის, ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია, წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახუროს, რაც ძალიან მნიშნელოვანია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი.


,,რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, რომ თბილისის აეროპორტი არამხოლოდ მოცულობით იზრდებოდეს, არამედ შინაარსობრივადაც. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური ბიზნეს-ლოგისტიკური ჰაბი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს აეროპორტიდან და თბილისის აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები და ბევრი სამუშაო მენეჯმენტ კომპანიასთან, რადგან უნდა გაჩნდეს უფრო მეტი მიმართულებები პირდაპირი ფრენებისთვის თბილისის აეროპორტიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და თუ მართლა გვსურს, რომ ეს ქალაქი  რეგიონის ცენტრი იყოს,  მაშინ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი  ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და უმოკლეს პერიოდში დასრულდა. მის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ" 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 500-მდე ადამიანი.  მოფრენის ახალი ტერმინალის ფართობი - 12 000კვ2-ა. პირველი მგზავრები  მოფრენის ახალმა ტერმინალმა 2017 წლის 12 ივლისს მიიღო.


,,ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ,,ახლა, როცა საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ტურისტების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. 2007 წელს მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 600 000 იყო, წელს კი ჩვენ 3 მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით",- განაცხადა სანი შენერმა.


მოფრენის ახალ ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate; ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს  ჩასხდომის ხიდი 5 და 6 Bus gate, 5 ბარგის კარუსელი. მოფრენის ახალ ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი. მოეწყო  250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner