logo_geo
eng_logo
სომხეთში ქობაირის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ქართველი ექსპერტები გაეცნობიან
- +

26 სექტემბერი. 2017. 21:49


სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე მე-12 საუკუნის ძეგლის, ქობაირის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ქართველი ექსპერტები გაეცნობიან. შეთანხმებას გასულ კვირას, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის დროს მიაღწიეს.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სომხური მხარე მზად არის, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტების რეკომენდაციები და შენიშვნები გაიზიაროს.


ნიკოლოზ ანთიძე სომხეთში ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სტუმრობის მიზანს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენდა.


„ჩვენ გავცვალეთ პროექტები, სომხეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რა პროექტები აქვთ მათ და ჩვენ რა პროექტები გვაქვს მომზადებული. გარდა ამისა, შევთანხმდით, რომ ჩვენი ჯგუფი ჩავა ქობაირის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსანახულებლად და გამოცდილების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად. ასევე პროექტის შემდგომი ეტაპებიც ჩვენთან კოორდინაციაში იქნება დაგეგმილი.

 

ზუსტად ასევე, ჩვენც ჩავაყენებთ მათ საქმის კურსში, მაგალითად ნორაშენის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებისთანავე ჩართული იქნება სომხური მხარე", - განაცხადა ანთიძემ.


რაც შეეხება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს, ხუჯაბის ტაძარს, რომელიც საქართველოს სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფო კომისია საზღვრების დემარკაციის პროცესზე მუშაობს, რის შემდეგაც უკვე გახდება შესაძლებელი სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა.


ქობაირის ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ლორე-ტაშირში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე მდებარეობს. ტაძარი 1171 წელსაა აგებული ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს ასულის მარიამის მიერ.


მონასტერი ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა. ტაძარი ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. ქობაირში მრავლად არის ვრცელი საქტიტორო წარწერები, ასევე ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებსა და აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნით.


ეკლესიის შესასვლელში თამარ მეფის ამირსპასალარი, ზაქარია მხარგრძელია დასაფლავებული. კომპლექსის შემადგენლობაში რამდენიმე ნაგებობა შედის. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.


საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში 20-22 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner