დიახ, დიდი გლოვაა "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ ყავლგასული... უფრო სწორად, თავგასული პარტიის წევრებმა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი. მოგეხსენებათ, იქ მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციის განხილვა მესამე მოსმენით, რომელსაც, ალბათ, პრეზიდენტი მარგველაშვილი დაადებს ვეტოს. თუმცა მისი ვეტო რომ გაუფასურებულია და მეორე დღესვე შეიძლება დაძლევა, ეს იცით. პრეზიდენტი 2013 წლიდან მოყოლებული, სულ ადებს და ადებს, მაგრამ რათ გინდათ რა, ყველა დადება წარმატებით დაიძლია!
მოკლედ, "ნაციონალური" მოძრაობის ლიდერებმა ქვა ააგდეს, თავი შეუშვირეს და ასეთი რამ განაცხადეს:
"ჩვენმა ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამეტის სხდომა, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მას არ ჰყავს საქართველოში და არც უცხოეთში მომხრე. ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას".
აი, ამაშია საქმე, მეგობრებო, იმასაც კი მოვესწარით, რომ "ნაცმოძრაობა" მთელი ძალებით ილაშქრებს ძალადობის წინააღმდეგ. დიახაც, ეს ადამიანები იცავენ კონსტიტუციას და ხალხს ძალადობისგან, რომ არა ისინი, რა მოხდებოდა ქვეყანაში, არავინ იცის. მათი თქმით, წარსულს ჩაბარდა სააკაშვილის დანატოვარი დემოკრატია, რომელიც შინაც და გარეთაც გახლდათ შუქურა. არა, არა, რას ბრძანებთ, როდის მიიღო მიხას "სასტავმა" არადემოკრატიული კონსტიტუცია? ოდეს ყოფილა, მსგავსი გაუგებრობა საქართველოში? არა-მეთქი, მართლა არა, "ნაცმოძრაობა" არ დაუშვებს ხელისუფლების უზურპაციას, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სამართლებრივად არ მოხერხდეს ქვეყნის დაპყრობა დესტრუქციული ძალების მიერ და არ გაიმარჯვოს ვლადიმერ პუტინმა. პუტინი რაღა შუაშიაო? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით. ვალოდია შუაში კი არა, თავშია, სწორედ მან დაწერა კონსტიტუციის აღნიშნული პროექტი და გადმოუგზავნა ბიძინა ივანიშვილს!
ამ წუთას "ნაცმოძრაობაში" გაძლიერებული გლოვაა გამოცხადებული ბრაზიანობის თანხლებით, შეხედეთ ამათ სახეებს - ეს გახლავთ მრისხანების უმაღლესი მწვერვალი. ასევე, პარტიაში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ვავა, ვუი, ვაი... და სხვანი!!!
გელა ზედელაშვილი