სამეგრელოს თემით სპეკულაცია არახალია, ძველია, თუმცა არ მეგონა, კაცი, რომელსაც ცხრა წელი საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ამ თემით სპეკულაციას იკადრებდა.
არადა, იკადრა, თანაც ისეთი იაფფასიანი ფორმით გააკეთა ეს, პრეზიდენტი კი არა, რომელიმე წვრილფეხა ინტრიგანი და პროვოკატორი რომ არ იკადრებს.
-"ქოცმა" როგორ უნდა გაიმარჯვოს ზუგდიდში, როცა ვიცი, როგორ ეზიზღება ბიძინა ივანიშვილს მეგრელები და სამეგრელო, _ ისეთი დამაჯერებელი და შეუვალი ინტონაციით თქვა ეს როლში შეჭრილმა სააკაშვილმა, თითქოს ამის დამამტკიცებელი უტყუარი საბუთები ჯიბეში ედო.
აი, ეს კაცი, პროფესიონალი მატყუარა და ცრუპენტელა, ორიოდე კვირის წინათ, კიდევ ერთხელ გამოგვეცხადა "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან და ბევრ სხვა სიბრიყვესთან და სისულელესთან ერთად კიდევ ერთხელ გვამცნო (მას ადრეც აქვს გაკეთებული მსგავსი განცხადება) სკანდალური ამბავი, რომ ბიძინა ივანიშვილს სძულს, სძულს კი არა, ეზიზღება თურმე მეგრელები და სამეგრელო, თუმცა ამის დამამტკიცებელი არანაირი არგუმენტები არ წარმოუდგენია - დაახეთქა ეს სისულელე და გაიარა.
"ჩორტის" ჩამოგდება ჰქვია ამას ჟარგონულ ენაზე, რასაც თავმოყვარე პოლიტიკოსი არ უნდა კადრულობდეს, თუმცა სააკაშვილი სწორედ იმით არის სააკაშვილი, რომ ყველაფერზე მიდის, ყველაფერს კადრულობს, ოღონდ რაღაც ხეირი და სარგებელი ნახოს.
სააკაშვილის სამიზნე ყოველთვის იყო და დღემდე არის არა ინტელექტუალური, მოაზროვნე საზოგადოება, არამედ ნაკლებად განათლებული, ნაკლებად ინფორმირებული აუდიტორია, რომელიც ადვილად წამოეგება ხოლმე ანკესზე და განსჯისა და დაფიქრების გარეშე ნებისმიერ პროვოკაციულ განცხადებას იჯერებს.
სააკაშვილის ეს განცხადებაც სწორედ ასეთ აუდიტორიაზეა გათვლილი.
მან ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა მეგრელებს, რომლებიც, მისი გათვლით, იმდენად პრიმიტიულნი და გონებაჩლუნგნი არიან, რომ სააკაშვილის მიერ გადმოგდებულ ანკესზე "გოიმი" ღორჯოებივით წამოეგებიან და განგაშს ატეხენ - გაიგეთ, ბიძინა ივანიშვილს ვეზიზღებით თურმე და ამიტომ "ქართულ ოცნებას" ხმა არავინ მისცეთო.
სააკაშვილს არც დაუმალავს, რომ ქართველებზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენისა არასოდეს ყოფილა.
ჩვენ მის თვალში ერთი ბნელი, ნახევრად ველური, უწიგნური, ულვაშებმოშვებული ხალხი ვართ, თავზე "კეპკით" და ხელში ქვით, რომლის განათლება და ცივილიზაციასთან ზიარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა ხელისუფლების სათავეში "დიდი განმანათლებელი" და "მისიონერი" მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, რომელსაც თურმე ახალი ქართული სახელმწიფო შეუქმნია, ახალი აზროვნებით, ახალი მენტალიტეტით.
ასე ბრძანებს ხოლმე "მოკრძალებული" სააკაშვილი საკუთარ თავზე, ამასვე იმეორებს მისი თანამეცხედრე, ქალბატონი სანდრა და ამასვე იმეორებენ მისი ფანატიკოსი ფანებიც.
ასეთ მაღალ მატერიებზე მოფიქრალ სააკაშვილს, რა გასაკვირია, ქართველები ზოგადად და, მათ შორის, მეგრელებიც, სულელებად მივაჩნდეთ.
***
ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უსაუბრია აღტაცებით მეგრელებზე, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და უნარიან ადამიანებზე.
ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ გამოუხატავს ღრმა პატივისცემა სამეგრელოსადმი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო და მაინც გაძლო და ფეხზე დადგა.
თუ ობიექტურად შევაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, მასზე ვერავინ იტყვის (თუ უსინდისო არ არის), საქართველოს რომელიღაც კუთხე უფრო მეტად უყვარს, რომელიღაც სხვა კუთხე - ნაკლებად და გადაწყვეტილებებს ამ სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით იღებსო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის დამოკიდებულებას სამეგრელოსადმი, ამ კუთხეს ყველაზე დიდი ზიანი სწორედ სააკაშვილის დროს მიადგა.
მართალია, სააკაშვილი, მისთვის ჩვეულ სტილში, ხშირად ფარისევლობდა და მეგრელებს და სამეგრელოს სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ ეს იყო სიტყვით, ხოლო ის, რასაც საქმით აკეთებდა ამ რეგიონში, ეს არის შემაძრწუნებელი, ამაზრზენი ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი დანაშაულობები.
რაში გამოიხატებოდა სააკაშვილის სიყვარული სამეგრელოსადმი, იმაში, რომ ყოველი 10 პატიმრიდან 6-7 კაცი სამეგრელოდან იყო?!
იქნებ, ის იყო სააკაშვილისებური სიყვარულის გამოვლენა ამ კუთხისადმი, მის დროს უბრალო გლეხების ოჯახებიდან "აკრეფილი" უდანაშაულო ადამიანების ბაზაზე სამეგრელო "შპიონების" და "აგენტების" მთავარ "მომმარაგებელ" პუნქტად რომ იქცა?
სამეგრელოსა და მეგრელების მოჭარბებული "სიყვარულის" გამო იყო, ბატონო სააკაშვილო, ადამიანები უგზო-უკვლოდ რომ იკარგებოდნენ და დღემდე არავინ იცის, რომელმა ჭაობმა შთანთქა ისინი?
ეგებ, ის იყო სიყვარულის გამოვლენა, სამეგრელოში არსებულ სამალავებში უამრავი ფირი რომ იყო დასაწყობებული, რომლებზეც აღბეჭდილმა საშინელებებმა თავისი სისასტიკით და არაადამიანურობით არ შეიძლება არ შეგაძრწუნოს და არ გაგაოგნოს.
თქვენი ცოლი რომ მეგრულად უმღეროდა მეგრელებს, იმ დროს თქვენი ჯალათები მეგრელ ბიჭებს აუპატიურებდნენ და ამას ფირზე აღბეჭდავდნენ.
ყოველივე ამის შემდეგ როგორ ბედავთ იმის თქმას, პატივცემულო სააკაშვილო, რომ ივანიშვილს სძულს სამეგრელო, თქვენ კი გიყვართ?!.
ვახტანგ ხარჩილავა