logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას მიაღწია
- +

20 თებერვალი. 2016. 16:06



ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შეთანხმებას ევროკავშირის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. შეთანხმებული რეფორმების პაკეტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა უნდა უზრუნველყოს.


დევიდ ქემერონის განცხადებით, ლონდონმა განსაკუთრებული სტატუსი მიიღო.


შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში სოციალურ შეღავათებსა და დახმარებას მხოლოდ დასაქმებიდან ოთხი წლის შემდეგ მიიღებენ. ეს წესი დიდ ბრიტანეთში ჩასულ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე 2017 წლიდან შვიდი წლის განმავლობაში გავრცელდება. ამას გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას ეძლევა უფლება, თავად განსაზღვროს, თუ რა ოდენობის სოციალური დახმარება გადაუხადოს ბავშვებს. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული წესი იმოქმედებს მხოლოდ მიგრანტებისთვის, 2020 წლიდან კი - ბავშვებისათვის განკუთვნილ ყველა სახის  შეღავათებზე.


ევროკავშირის სამიტზე მიღწეული შეთანმხება ასევე შეიცავს პუნქტს იმის შესახებ, რომ ლონდონს არ გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებთან „უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის" ვალდებულება.


ამას გარდა, ევროკავშირის ქვეყნები ნაციონალური პარლამენტების როლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ,  საკანონმდებლო ორგანოებს ბრიუსელის ინიციატივის დაბლოკვის უფლება ექნებათ, თუკი ამ ინიციატივას ყველა პარლამენტის 55 პროცენტზე მეტი ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ევროკავშირის კანონის დასაბლოკად საჭიროა 28 წევრი სახელმწიფოდან 16 ქვეყნის პარლამენტების მხარდაჭერა.


ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება ანგელა მერკელი. თუმცა გერმანიის კანცლერმა აღიარა, რომ გარკვეული კომპრომისის მიღწევა რთული აღმოჩნდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი შეთანხმებას „ღირსეულ კომპრომისს" უწოდებს. „შეთანხმება მზადაა. დრამა დასრულდა", - დაწერა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ „ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში.


პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ  ევროკავშირში  დიდი ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის თარიღს მინისტრთა კიბინეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადებს. ვარაუდობენ, რომ რეფერენდუმი ივნისში გაიმართება. 22 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერი პარლამენტში გამოვა სიტყვით.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner