შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ. ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული გ. რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ. ბ. მომხდარიდან 3 საათში გურჯაანში, სოფელ ველისციხეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.