logo_geo
eng_logo
სასამართლომ ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

27 სექტემბერი. 2017. 11:20



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ  ქალაქ თბილისში  უკანონოდ შეაღწია  ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და  ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ კ.ნ.-მ დაზარალებულს სცემა, რა დროსაც  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ძალადობრივი ქმედების შედეგად ს.კ.-მ  მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ.ნ.  დაეუფლა „SHARP"-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასამართლოში  ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ.  2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე  ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის  კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის"  მოდემს.

 

სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner