logo_geo
eng_logo
თემურ თორდინავა: 2018 წელს 13 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
- +

27 სექტემბერი. 2017. 13:46



თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა „პრაიმტაიმს" საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა:

 

- ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების  კანონის შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრიდან ბაგაში უნდა იყოს 25 ბავშვი და 3 წლიდან სკოლაში შესვლამდე - 30 ბავშვი, მაგრამ ეს 2020 წლიდან. ამიტომაც  ახალ საბავშვო ბაღებს ვაშენებთ, რათა ჯგუფები განვტვირთოთ  და ამ სტანდარტამდე მივიდეთ. რაოდენობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეზღუდვა, როგორც ასეთი, არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე საბავშვო ბაღში  ჯგუფების გადატვირთულობის კუთხით პრობლემები გვაქვს. ეს ყველაფერი მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, ამ მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, კონკრეტულ საბავშვო  ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის საკითხი გვაქვს.  20-ზე მეტი საბავშვო ბაღია ასეთი, სადაც 40-ზე მეტი ბავშვია.


- იმის მიუხედავად, რომ ბაღში ჯგუფების გადატვირთულობაა და ძალიან ბევრი ბავშვია, მაინც არიან ბავშვები, რომლებიც ბაღში ვერ ხვდებიან... რატომ?


- ამიტომ ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს. წინა წლებში 50 ბაღი დაიხურა და ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელზეც ჩვენ პასუხის გაცემა გვიწევს, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და ახალი ჯგუფების გახსნით მოქმედ საბავშვო ბაღებში. 2020 წლისთვის კანონი შესაძლებლობას აღარ მოგვცემს, 25 ბავშვზე მეტი ბაგაში გვყავდეს და სამიდან სკოლაში შესვლის ასაკამდე 30 ბავშვზე მეტი, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საბავშვო ბაღები, სადაც კონკრეტულ ჯგუფებში  ჯგუფების გადატვირთულობის საკითხია.


- 2020 წლისთვის სულ რამდენი ბაღი მოემსახურება თბილისს?


- ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ 25 საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, საიდანაც 12 ამ სამი წლის განმავლობაში გაიხსნა. 2018 წელს 13 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომლის  მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. დღეს ჩვენ 171 მოქმედი საბავშვო ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელი გვყავს, მაგრამ ამ 61 000-ში არიან როგორც თბილისში რეგისტრირებული ბავშვები, ასევე თბილისში დროებით მცხოვრები მშობლების ბავშვებიც. იუსტიციის მონაცემებით, თბილისში 61 750 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვია რეგისტრირებული. ჩვენს სისტემაში არიან ბავშვები, რომლებიც არ არიან თბილისში რეგისტრირებული, მაგრამ მათი მშობლები მუშაობენ და ცხოვრობენ თბილისში და ჩვენ სერვისს მათაც ვუწევთ. ის, თუ რამდენი ბავშვია საბავშვო ბაღებს გარეთ დარჩენილი, ეს ოქტომბრის პირველ კვირაში გვეცოდინება. მხოლოდ და მხოლოდ მათი ციფრი, ვინც საბავშვო ბაღებს განაცხადებით მიმართა და მისი დაკმაყოფილება ჩვენი სერვისით ვერ მოხდა.


- ჩემი ინფორმაციით, მისაღები ბავშვების რაოდენობას ბაღები ინდივიდუალურად ადგენენ და დამატების უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ.


- არა, რაოდენობებს ჩვენ ყველა ვარიანტში ვაკეთებთ ისე, რომ გონივრულ ზღვარს არ გავცდეთ, მაგრამ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კონკრეტულ საბავშვო ბაღებსა და უბნებზე გადატვირთულობის პრობლემა გვაქვს.


- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ განსაზღვრული ზღვარი არსებობს, მაგრამ  მაინც ხდება სიაში ბავშვების ჩამატება.


- 2020 წლამდე განსაზღვრული ზღვარი არ არსებობს, თუმცა სასურველია, რომ ჩვენ ამ სტანდარტამდე 1-2 წელიწადში მივიდეთ. მაგალითად, თემქაზე ახალი საბავშვო ბაღი  გავხსენით. მაგრამ ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტულ უბანში ბევრი ბავშვია და მათთვის ბევრად სასურველი იყო ეს საბავშვო ბაღი. ბავშვები აქეთ გადმონაწილდნენ და რომელი ბაღებიც თემქაზე გადატვირთული იყო, განიტვირთა. ამ საკითხებს კონკრეტული უბნების მიხედვით ვაგვარებთ. შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესი სურათი გვაქვს.  ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ ამას და მომდევნო წელს 13 ახალი საბავშვო ბაღი იხსნება კონკრეტულ რაიონებში. სიტყვაზე, დიდ დიღომში 2 საბავშვო ბაღი იხსნება, რომელიც ახალ კონტინგენტს მიიღებს. ეს  ახალი კონტინგენტი იქნებიან ის ბავშვები, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, ასევე ის ბავშვები, რომლებისთვისაც ამ ლოკაციაზე ბევრად უფრო მისაღებია საბავშვო ბაღში მისვლა, შესაბამისად, განიტვირთება დიდი დიღმის მე-3-4 მიკრორაიონების ბაღები, რომლებიც გადატვირთული გვაქვს.


- დამეთანხმებით, ალბათ, რომ  უმთავრესი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, ბავშვები ბაღში შევიყვანოთ, არამედ ის, რომ მათ ხარისხიანი  სკოლამდელი განათლება მივცეთ. რას ფიქრობთ, ეს გადატვირთულობა სწავლის ხარისხზე არ იმოქმედებს? რაზეც მშობლები უკვე საუბრობენ.


- ჩვენი პირველი მიზანია ის, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და კანონის ძირითადი გამოძახილიც ეს არის, თუმცა გეთანხმებით, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება რომ მივაწოდოთ, ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამიტომ ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფების გადატვირთულობის საკითხია, დავამატოთ პერსონალი, რათა მომსახურების მაღალი ხარისხი გვქონდეს. ახალი ჯგუფები იმ საბავშვო ბაღებში გაიხსნება, სადაც ამის შესაძლებლობაა, მაგრამ იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, დავამატებთ პერსონალს, რათა ბავშვების მიმართ ყურადღება იყოს... დამატებითი პედაგოგები ბაღებში უახლოეს ორ კვირაში შევლენ.


- ჩვენ გვიკავშირდებიან მშობლები და ამბობენ, რომ ბავშვების ჩამატება სიაში ნეპოტიზმით ხდება, ანუ, თუ ბაღების სააგენტოში არავინ გყავს, არ გამატებენ. ამაზე რა პასუხს გასცემდით მათ?


- ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ბავშვების დამატება სათათბიროს საშუალებით ხდება, ანუ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩვენ მშობლების მოთხოვნას ვითვალისწინებთ და კონკრეტული საბავშვო ბაღები, სათათბირო ორგანოების საშუალებით ამატებს დამატებით კონტინგენტს, იმიტომ რომ ეს არის მშობლების მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩვენ მშობლებს ვუხსნით, რომ ჯგუფები გადატვირთულია, მაგრამ მშობლების სურვილია, რომ მთავარია, ბავშვი იყოს  უსაფრთხო, კომფორტულ ხარისხიან  სივრცეში და ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ გადატვირთულობას გაგებით მოეკიდებიან, ამიტომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

 

- მაგრამ ყველა შემთხვევაში ბავშვის დამატება არ ხდება, რა შემთხვევაში იღებთ ამ გადაწყვეტილებას?


- თუ გონივრული ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი ბავშვი დაემატოს, რა თქმა უნდა, არ ემატება. არის კონკრეტული უბნები, კონკრეტული ბაღები, სადაც მაღალი მოთხოვნაა, იმიტომ რომ მშობლების სურვილია, იმ კონკრეტულ ბაღში იაროს მისმა შვილმა. ახალ ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემა არ გვაქვს, იქ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც უშუალოდ იმ ლოკაციაზე ცხოვრობენ. 12 ბაღი ავაშენეთ, მოქმედ საბავშვო ბაღებში 100 ჯგუფი გავხსენით, ამავდროულად მიდის 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს ეტაპობრივად გაიხსნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი არის ეს.

 

- ხომ არ აპირებთ, რომ შეზღუდვა დაწესდეს კანონში ადგილმდებარეობის მიხედვით?

 

- ამის შეზღუდვა ჯერ არ არის. როცა იმდენი საბავშვო ბაღი აშენდება, რამდენიც თბილისს სჭირდება, ჩემი აზრით, ეს პრობლემა საერთოდ აქტუალური არ იქნება. თან ავტორიზაციის საკითხი იწყება და, შესაბამისად, უკვე კერძო ბაღების ავტორიზაციაც მოხდება და კერძო ბაღებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში.


- რამდენი ბაღი სჭირდება თბილისის?


- მინიმუმ 25-ზე მეტი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს, იმის გამოკლებით, რომელიც 2018 წელს გაიხსნება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემას ბაღების სააგენტოშიც აღიარებენ. რამდენად განმუხტავს მდგომარეობას პედაგოგების დამატება, ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ბაღებს, სადაც ბავშვებს დიდ კონტინგენტთან ერთად, ფართის პრობლემაცაა, მასწავლებლების დამატება ნამდვილად ვერ უშველის. სკოლამდელი აღზრდის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - როგორ უნდა ასწავლოს 60  ბავშვს ერთმა აღმზრდელმა? როგორ უნდა უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხოება? ბაღების სააგენტოში გამოსავალს  მხოლოდ ახალი ბაღების აშენებაში ხედავენ. 2020 წლამდე კი ბავშვების კონტინგენტი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რაც ჯგუფებში კვლავ გადატვირთულობის პრობლემას შექმნის.


სალომე ჩადუნელი

გაზეთი „პრაიმტაიმი"










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner