logo_geo
eng_logo
თამაზ წივწივაძე: დიდებულად მოიქცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი!
- +

14 აპრილი. 2016. 18:23


„ახლა ბიძინა ივანიშვილი იმდენსაც თუ იზამს, რომ მომავალ ხელისუფლებაში ჭკვიან და ეროვნულ ხალხს აქა-იქ მაინც ჩართავს, ღმერთი მასაც უშველის და მის მიერ გადარგულ მრავალტანჯულ ხესაც!"


ცნობილი კრიტიკოსი, პუბლიცისტი და მწერალი, „ლიტერატორული საქართველოს" მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე ჩვენთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.


- ბატონო თამაზ, ერთი კვირის წინათ რომ დაგირეკეთ, ჩაფიძის კლინიკაში იწექით. რას შვრებით, გული ხომ კარგად გაქვთ?

 

- ერთმანეთს არ ვადრი, მაგრამ ჩემი გულიც იმ დღეშია, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩემი სამშობლოა - ერთბაშად მოშლილი, ზომაზე მეტად შეკუმშული და სისხლისგან მთლად დაცლილი!


ახლა მთავარია, სამშობლო გადაგვირჩეს, თორემ აწი როგორც ჩეს გულს ეშველება, ისე ეშველოს ჩვენს ყველა დამაწყევარს!


- როგორც ვხედავთ, კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშალა და ყველა პარტია არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას. ამ ფაქტს როგორ აფასებთ და რას ფიქრობთ, ვის რა შანსები აქვს?

 

- რომის იმპერია დაიშალა, საბჭოთა იმპერია დაიშალა და ეს კოალიცია „ქართული ოცნება" რა ისეთი დუღაბით იყო ნაგები, კიდევ დიდხანს რომ გაეძლო?!


დაიშალა და მოჰკვლია პატრონი!


მთავარია, ბატონი ივანიშვილი ხომ კარგადაა? ეს კაი კაცი ასეთ ხელისუფლებას, ახლა რომ გვყავს, ნებისმიერ დღეს „მამლის პირველ ყივილამდე" აგვიშენებს.


მე შენ გეტყვი და აგურის მოჭრა, კირის გამოწვა ან მაღალი მარკის ცემენტი დასჭირდება - აიღებს საწერ კალამს, რამდენიმე ფურცელს და მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლოს შემადგენლობას დაბინდებამდე, ანუ საღამოს 10 საათამდე ჩამოწერს!


ისე, დიდებულად მოიქცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კოალიციიდან, ანუ ჩასაძირად განწირული გემიდან უსარგებლო ბარგი, ანუ რესპუბლიკური ნაგავი რომ მოიშორა!


ახლა სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ „მოხევის ქალო თინაოს" სახელი მოვუნაცვლოთ და ვუმღეროთ - „გშორდები, მარო!"


- თუმცა, კოალიციიდან გასული რესპუბლიკელები საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს მაინც ინარჩუნებენ.

 

- თანამდებობებს დროებით, როგორც თვითონ თქვეს, აგვისტომდე კი ინარჩუნებენ, მაგრამ მეტი არაა ჩვენი მტერი, რესპუბლიკელები აწი ხელისუფლებაში მობრუნდნენ!


ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმაციის რესპუბლიკელები და ივანიშვილის ხელისუფლება ამიერიდან ისევე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც ცა და მიწა, როგორც დღე და ღამე და როგორც მზე და მთვარე!


- როგორია თქვენი შეხედულება პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობთ - ვისზეც ასეთი ბინძური ვიდეოები არსებობს, უნდა დატოვონ თუ არა თანამდებობები?

 

- კადრების გავრცელება ძალიან ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ის არის, ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსები რომ ჰყავს, რომელთა პირადი ცხოვრებაც საზოგადოებაში საყოველთაო ზიზღს იწვევს!


დიახ, შენი პირადი ცხოვრების ჩვენება არც სხვას უნდა სცემდეს შიშის ზარს და, მითუმეტეს, არც შენ!


ხმამაღლა ვამბობ - ვისზეც ისეთი ბინძური ჩანაწერები არსებობს, რომ მათი ჩვენების შემდეგ კაცს თუ ქალს თავი გარეთ არ გამოეყოფა, ასეთ ხალხს სახელმწიფო სამსახურში არაფერი ესაქმება!


იმისთვისაც მადლობლები უნდა იყვნენ, თუკი ქუჩაში გავლისა და ხალხში გამოჩენის საშუალებას აძლევენ!


- ამ ბინძური კადრების გავრცელების კვალდაკვალ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვსო. სააკაშვილის სექსუალური ცხოვრება ყოველთვის სალაპარაკო თემა იყო და მარგველაშვილიც „სექსგიგანტია"?

 

- სიამაყით ავივსე, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველას გასაგონად ბრძანა - საუკეთესო სექსუალურ ფორმაში ვარო!


რაც შეეხება მარგველაშვილის სექსის მრავალფეროვნებას, სიმდიდრესა თუ ნოყიერებას - ეს მის მრავალრიცხოვან ქალებს უნდა უხაროდეთ და არა - მე!


ისე, ცოტა გაუგებარი იყო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკოსი  თუ ჟურნალისტი ქალების მიმართ გაკეთებული განცხადება - „მე თქვენ ყოველთვის დაგიცავთო!"


დიახ, ეს ქალბატონები პრეზიდენტს სექსისგან დაცვას კი არ სთხოვენ, არამედ იმას, ჯგუფურ სექსში კაცები ძალუმად რომ მოგვაწვებიან, ნამუსი შეგვინახეთ და ამ კადრებს ნურც ჩვენს ქმრებსა და შვილებს აჩვენებთ და ნურც - მოწინავე საზოგადოებასო!


და კიდევ: თუ ორი პრეზიდენტის - სააკაშვილისა და მარგველაშვილის - სექსუალურ შესაძლებლობებს შორის პარალელს გავავლებთ, გული არცერთს უნდა დავწყვიტოთ - სააკაშვილი რასპუტინი იყოს, მარგველაშვილი კი - კაზანოვა!


სხვათაშორის, ჩემი დაკვირვებით ვიცი, რომ სააკაშვილმა იმდენ ქალბატონს მოაჭამა ცალი ძუძუ, საქართველოში კინაღამ ამორძალთა არმია შევქმენით!


კარგია, რომ სააკაშვილის ოდესაში წასვლის შემდეგ ქართველ გოგონებს მკერდზე ორივე კოკორი ერთნაირად წამოეზარდათ და მათ ხელახლა მოჭმას, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას აღარასოდეს დავუშვებთ!


- დაბოლოს, ბატონო თამაზ, რას ეტყოდით ან რა რჩევას მისცემდით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას და „ქართული ოცნების" დახმარებას აპირებს?

 

- ჯაბა, ძვირფასო მეგობარო!


ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე რა უნდა ვურჩიო?!


ან კი, რაც არ უნდა კარგი იდეა შევთავაზო, ჩემგან რამეს გაიგონებს?


მართალია, იძულებით, მაგრამ მან ერთი უზარმაზარი საქმე ახლაც გააკეთა - ადრე დაშვებული შეცდომა გამოასწორა და, როგორც ზემოთ ვთქვი, მეოცნებეთა განწირული გემიდან რესპუბლიკური ნაგავი პირდაპირ შუა ზღვაში მოისროლა.


ახლა ბიძინა ივანიშვილი იმდენსაც თუ იზამს, რომ მომავალ ხელისუფლებაში ჭკვიან და ეროვნულ ხალხს აქა-იქ მაინც ჩართავს, ღმერთი მასაც უშველის და მის მიერ გადარგულ მრავალტანჯულ ხესაც, რომელიც მე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ მიმაჩნია!

 

ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner