logo_geo
eng_logo
პროკურორებმა და გამომძიებლებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ევროპული სტანდარტების თემაზე ტრენინგი გაიარეს
- +

28 სექტემბერი. 2017. 11:41


საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და წინასწარი პატიმრობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. პროექტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით განხორციელდა და ის მონაწილეებისთვის ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობაზე იყო ორიენტირებული. ტრენინგი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტების მენეჯერმა ამალია ვუქერთმა გახსნეს. გამომსვლელებმა ყურადღება ტრენინგის თემის მნიშვნელობასა და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაამახვილეს.


სასწავლო პროცესს მოწვეული გერმანელი  ექსპერტები ქრისთიან შირჰოლთი და ოლივერ თოლე უძღვებოდნენ. ორდღიანი კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ: გერმანიაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემისა და საფრთხეების პრევენციიდან - სისხლისსამართლებრივ დევნაზე გადასვლის მეთოდებს, გერმანელი პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინასწარი პატიმრობის შეფარდების წინაპირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროპულ სტანდარტებზე.


ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და წინასწარი პატიმრობის საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგში საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 29 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სწავლება ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით იყო დატვირთული. ერთობლივი ტრენინგების მიზანი სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება და უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner