ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლიდან, რომლებიც საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს, თერთმეტი ამ დრომდე ისევ კლინიკაში რჩება. როგორც „კვირას" ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ განუცხადა, მოზარდები ერთნაირი სიმპტომებით შეუძლოდ პირველი გაკვეთილის შემდეგ გახდნენ. გოგიტიძის ინფორმაციით, მოსწავლეთა სასმელი წყლითა და კვებითი ინტოქსიკაცია ჯერჯერობით გამორიცხულია.
„მოზარდები მეორე გაკვეთილზე გახდნენ ცუდად. მათ ერთნაირი სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება და თავბრუსხვევა ჰქონდათ. ბუნებრივია, ყველა მათგანი სასწრაფოდ გადავიყვანეთ რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც ექიმები ამბობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ერთი მათგანი უკვე გამოწერეს. ჯერჯერობით მათი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი უცნობია. სხვადასხვა ვერსიებზე იყო საუბარი. წინა დღით ისინი დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხუთი მათგანი იყო იქ და ეს ვერსია გამოირიცხა. კვებით ინტოქსიკაციასაც ვარაუდობენ, თუმცა ჯერ დადგენილი არაფერი არის. მოსწავლეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ დროისათვის ერთ-ერთმა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა", - განაცხადა გოგიტიძემ.