„უხვი ნალექის შედეგად გურიის რეგიონში პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები დაფიქსირდა. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლები და ასევე საკარმიდამო ნაკვეთები", - ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა.
ჭანუყვაძის თქმით, ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახურები. გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ვითარება სტაბილურდება.
„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და კვლავაც აგრძელებს მუშაობას. ვაწარმოებთ შემოვლას მუნიციპალიტეტების სოფლებში და ვეცნობით არსებულ ვითარებას", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიის რეგიონს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, რეგიონში აღარ წვიმს.