logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ღიმილისმომგვრელია დავით ბაქრაძის ლიდერობა პოლიტიკოსთა რეიტინგებში
- +

14 აპრილი. 2016. 19:05


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სისწორეში ეჭვი შეაქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. რა განაპირობებს NDI-ს კვლევების მიმართ საზოგადოების უნდობლობას და როგორია რეალური სურათი - „რეპორტიორის" შეკითხვებს რამაზ საყვარელიძე პასუხობს:


- მოვლენის მიზეზზე რომ ვისაუბროთ, მოვლენაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების რეიტინგი ისეთია, როგორც ეს NDI-მ წარმოადგინა ქაღალდზე. გვახსოვს ყველას 2012 წელი, როცა NDI-ს პროგნოზი და არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავებული იყო; ასევე გვახსოვს, რომ NDI ყოველთვის ცდილობს აჩვენოს ის სოციოლოგიური სურათი, რაც აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას" და მესამე, თავად კითხვარში არის კითხვები და შედეგები, რომლებიც არც ისე ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. ეს ალოგიკური მომენტი აჩენს უნდობლობას ამ გამოკითხვების მიმართ.


- რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას პოლიტიკოსთა შორის ყველაზე მეტად მოსწონს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე? 


- დამაჯერებლად კი არა ღიმილს იწვევს. მართლაც, ღიმილისმომგვრელია დავით ბაქრაძის ლიდერობა პოლიტიკოსთა რეიტინგებში. საზოგადო კანონზომიერებაა, რომ მედიით რაც უფრო ხშირად ჩანს ადამიანი, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საზოგადოება. ამ დროს ბაქრაძეც და ნათელაშვილიც თითქმის არ ჩანან ეკრანზე. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" სიყვარულის წერილს რომ მიიღებს ბებია და იტყვის - „სად ნახა მაგ უბედურმაო" - დაახლოებით ეს სიტუაციაა. თავი რომ დავანებოთ შედეგს, კითხვაც დასმულია გაუგებრად - რას ნიშნავს, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ? რითი? რა კრიტერიუმით? „კახელმა თქვა, პომიდორი საჭმელად მომწონსო" - იგივე სიტუაციაა აქაც. ყველაფერს თავისი კრიტერიუმი აქვს - რაღაც ასპექტში შეიძლება მოგწონდეს, რაღაც ასპექტში - არა. თუ ლაპარაკია პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ გაუგებარია - როცა კვირიკაშვილს საქმიანობას დადებითად უფასებენ და მერე არ მოსწონთ? ე.ი. გამოდის მისი კოსტუმი და ჰალსტუხი არ მოსწონთ. მივდივართ კომიკურ ვითარებამდე.


- კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61 %-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა არჩევნებში? ეს მაჩვენებელი რამდენად არის ახლოს რეალობასთან?


- ეს მაჩვენებელი რეალობასთან შესაძლოა უფრო ახლოსაა იმ მხრივ, რომ მოსახლეობა ჯერაც დაბნეულია და არ იცის ვის მისცეს ხმა.


- დაბალი მაჩვენებელი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას...


- ეს მაშინ, როცა ბოლო არჩევნებზე საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა „პატრიოტთა ალიანსს"... აქ ერთი მომენტია - „ნაციონალურ მოძრაობას" არ აწყობს სხვა ოპოზიციური პარტიები არსებობდნენ მის გარდა. სავარაუდოა, რომ მოსახლეობას იმედი გაუცრუვდა მმართველ პარტიაზე, თუმცა არ მოსწონს ძველი მმართველი ძალა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ითმინა და მერე როგორც იქნა მოიშორა. წესით, ამ განწყობილების ადამიანები უნდა გადალაგებულიყვნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისკენ. ამის ანარეკლი იყო ის, რომ ბოლო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსმა" წარმატებას მიაღწია. ამ გამოკვლევაში კი ეს ლოგიკაც დარღვეულია.


- კოალიციიდან გასული პარტიებს რამდენად აქვთ რეალურ მძლავრ ოპოზიციად ჩამოყალიბების რესურსი?


- შანსი ყველას აქვს მაღალი შედეგების მიღების. მიუღწეველი არაფერია. გააჩნია, როგორი იქნება ინტელექტუალური და ენერგეტიკული მობილიზაცია ამა თუ იმ პარტიის.


- რომელი პოლიტიკური ძალაა დღეს მმართველი პარტიის რეალური კონკურენტი?


- მმართველი პარტია! ანუ კონკურენტი არის ის, ვინც გაკარგვინებს ხმებს, ხმებს მმართველ პარტიას აკარგვინებს მმართველი პარტია. მაგრამ სერიოზულად რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი. NDI ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი კონკურენტი ხელისუფლების. ეს საფუძველს მოკლებული არ არის, მას ერთგული ამომრჩეველი ჰყავს, ოღონდ მცირე - 10 %-იანი. მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს ალასანიას, ნათელაშვილის პარტიებსაც. ზრდა ამ მხარდაჭერისა დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ იმოქმედებს არჩევნებამდე.


ბოლოს ვიტყვი, NDI-ს კვლევები არის ამ კვირის წამყვანი თემა. ყოველ მორიგ გამოკითხვაზე ჩნდება მზარდი უკმაყოფილება ამ ორგანიზაციის მიმართ. ბევრ ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევების ინიციატორი არის მედია. ქართულმა მედიამ უნდა მოახერხოს, მოიზიდოს სახსრები და ორგანიზება გაუკეთოს ნორმალური კვლევის ჩატარებას. ქვეყნის სირცხვილია, რომ სხვა ქვეყნის დაკვეთით ტარდებოდეს პოლიტიკური კვლევები შენსავე სახელმწიფოში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner