logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: NDI საკუთარ კვლევას ეწინააღმდეგება
- +

14 აპრილი. 2016. 19:27


რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიაში, ენდობიან თუ არა NDI-ს კვლევის შედეგებს და... რა პერსპექტივა აქვს ვანის საფეხბურთო კლუბ „სულორს"? sputniks-ს პარლამენტის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.


- ბატონო დავით, არჩევნების თემით დავიწყოთ, არის თუ არა რაიმე სიახლე საარჩევნო სიებთან დაკავშირებით?


- ჯერ არაფერია ცნობილი, თუ ვინმემ გითხრათ, რომ რაიმე იცის სიის შესახებ, არ დაიჯეროთ. ის, რომ ცვლილებები იქნება, ყველამ იცის, მაგრამ რა სახის, ჯერ უცნობია. საერთოდაც, მივესალმები პარლამენტში ახალი სახეების გამოჩენას; პროფესიონალი, კარგად მომზადებული სპეციალისტები მომავალი პარლამენტის საქმიანობას უფრო ნაყოფიერს გახდიან.

 

- NDI-ს კვლევების შედეგები საყოველთაო მსჯელობის საგანია, თქვენი აზრით, შეესაბამება თუ არა რეალობას მათ მიერ დადებული მონაცემები?


- დავიწყებ იმით, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს მაშინ დავიჯერებ, როცა თუნდაც ერთ ადამიანს ვნახავ, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. თან, თუ დააკვირდით, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. სახელმწიფოს საქმიანობას და მის მიერ არჩეულ კურსს მხარს უჭერს მოსახლეობის თითქმის 70% და იმავე გუნდის რეიტინგი მოსახლეობაში, თურმე, 15%-ია. აშკარა შეუსაბამობაა და ეს იმის ბრალია, რომ ამ პატივცემული ორგანიზაციის მესვეურები აშკარად წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. როგორ არ უნდა გამიკვირდეს, რომ თურმე დავით ბაქრაძეს უფრო ენდობა ხალხი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?!


ამიტომ სერიოზულად ამ კვლევის შედეგებზე საუბარი შეუძლებელი და მიუღებელია. მე ის უფრო მიკვირს, მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამხელა აჟიოტაჟს რომ ტეხენ მსგავსი გამოკითხვების შემდეგ.


- ბატონო დავით, ერთი არაპოლიტიკური შეკითხვა: 80-იან წლებში თქვენ მშობლიური რაიონის, ვანის საფეხბურთო კლუბ „სულორში" თამაშობდით, ახლა რა მდგომარეობაა გუნდში?


- არის ასეთი მცნება, საფეხბურთო რაიონი. ვანი სწორედ ასეთი გახლავთ. თავის დროზე „სულორი" საბჭოთა კავშირის პირველობაზე „ბ" კლასში თამაშობდა, იყო საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. განახლებულ საქართველოს ჩემპიონატშიც კარგა ხანს არც თუ ურიგოდ გამოდიოდა, მაგრამ მერე თავი იჩინა ფინანსურმა პრობლემებმა და გუნდიც ქართული ფეხბურთის არეალიდან დაიკარგა. ახლა მიდის ვანში ფეხბურთის აღორძინება. „სულორი" მეორე ლიგის ლიდერია და სავარაუდოდ I ლიგაშიც გადმოვა. ფეხბურთის ფედერაციის მიერ გუნდების დაფინანსების პროგრამამ სულზე მოუსწრო გუნდს, მართალია, რაღაც პატარა პრობლემები არის, მაგრამ, იმედია, მალე მოგვარდება და ვანის „სულორს" კვლავ ვიხილავთ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner