ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკისთან ერთად.
„2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).
„რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით)", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ კომპონენტებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით). ამასთან, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.