logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: გილოცავთ ყველას, ვინც იბრძოლეთ და დაამარცხეთ დიქტატურა...
- +

1 ოქტომბერი. 2017. 12:44



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„რატომ ვზეიმობთ 1 ოქტომბერს?

 

1. იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ჩართულებმა სასწორზე დავდეთ ყველაზე მთავარი რაც გაგვაჩნდა - სიცოცხლე.

 

2. იმიტომ რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იყო ქვეყნის პირველი გამარჯვება.

 

3. იმიტომ, რომ ნოსტალგია გვაქვს იმ ბრძოლისას არსებულ თავგანწირვაზეც, ერთობაზეც, იდეალებზეც და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებაზეც.

 

დიდად არ მადარდებს, თუ ვინმეს ეწყინება ეს სტატუსი... საქართველო პატარაა და ყველამ იცის, ვინ, რატომ, როდის და რა მიზნით ჩაერთო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. ვის უნდოდა მიშას დამარცხება და ვის აწყობდა, ვინ იბრძოდა და ვინ ისარგებლა ამ ბრძოლით.

 

პირადად მახსოვს ადამიანები, რომლებიც დასაწყისშივე, ანგარიშის და ანგარების გარეშე გაერთიანდნენ ივანიშვილის გარშემო მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე პირადად მახსოვს ადამიანები, რომლებიც „გიჟებად" გვთვლიდნენ 2011 წლიდან ბრძოლაში ჩართულებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ეშინოდათ, არამედ მართლა თვლიდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა თვითმკვლელობას ნიშნავდა ჩვენთვის და ვეცოდებოდით.

 

თუმცა, რომ არა ის რამდენიმე ასეული „გიჟი", „ჭკვიანები" ამ ბრძოლას არ შეუერთდებოდნენ, მათი ჩირგვში მჯდომი „ბრძენი" ნაწილი კი დღეს ისეთივე ნული იქნებოდა, როგორიც გამარჯვებამდე იყო.

 

ასევე კარგად მახსოვს „ქართული ოცნების" შტაბი 2012 წლის სექტემბრის ბოლო კვირას. არჩევნების დღე ახლოვდებოდა და შესაბამისად ახლოვდებოდა განკითხვის მომენტი. ან მოვიგებდით ან წავაგებდით. და თუ წავაგებდით, წავაგებდით ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და სიცოცხლეს, თუ მოვიგებდით, საქართველო გათავისუფლდებოდა ტირანიისგან. და იმ ბოლო კვირას ბევრმა „ჭკვიანმა" არჩია საერთოდ არ გამოჩენილიყო და ჯერ არჩევნების შედეგებს დალოდებოდა. „გიჟები" კი დავრჩით შტაბებში და უბნებზე... „ჭკვიანი" ჯანიანი კაცები სახლებში იმალებოდნენ, „გიჟი" გოგოები კი ქოლ-ცენტრში ათენებდნენ ღამეებს, ცენტრალურ შტაბს რეგიონებთან კავშირი რომ არ გაწყვეტოდა... დღეს „ჭკვიანები"-ს უმრავლესობა ან ჩინოვნიკია, ან დაბრძენებული ოპონენტი, გიჟები კი... ისევ გიჟები არიან, ისინი თანამდებობისთვის არ იბრძოდნენ, ეტყობა ამიტომაც არიან გიჟები, მათთვის ეს დღე ქვეყნის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. „გიჟების" უდიდესი უმრავლესობა არანაირ პოსტს არ იკავებს არანაირ ხელისუფლებაში, ცხოვრობს ჩვეულებრივი მოქალაქის მსგავსად, დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იზოგავს ელექტროენერგიას, ოცნებობს უკეთეს სამსახურზე ან საერთოდ მუშაობის დაწყებაზე და მაინც, მეხუთე წელია ზეიმობს დიქტატურაზე გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს მისი მონაწილეობით მიღწეული გამარჯვებაა და მისი პასუხისმგებლობაცაა, ტკივილიც და კიდევ იმედიც, რომ სხვებსაც მის მსგავსად ახსოვთ ერთობა, ეამაყებათ გამარჯვება და სტკივათ „ჭკვიანთა" შეცდომები. მოკლედ ამ კატეგორიისთვის 1 ოქტომბერი არის იდეალებისთვის ბრძოლის, ნოსტალგიის და თანამებრძოლების გახსენების დღე, დღე როცა მათ შეცვალეს საქართველოს ისტორია... დღე როცა თქვენ შეცვალეთ ისტორია.

 

გილოცავთ ყველას, ვინც იბრძოლეთ და დაამარცხეთ დიქტატურა... და დარჩით გიჟებად!" - წერს უძილაური.












 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner