საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა. დიდება უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მადლს, რომელიც უძლურთა მკურნალია და ნაკლულებათა ამავსებელია. ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ გვაკლია ერთობა, გვაკლია ერთმანეთის თანადგომა. გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10:00 საათზე დაიწყება შეკრება, 12:00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის - 15:00 საათამდე. ე.ი. დილის 10:00-დან 15:00 საათამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჭირვებულს დავეხმაროთ და ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთოთ", - ბრძანა ილია მეორემ.