კანადის ქალაქ ედმონტონში მამაკაცმა საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით აღმართული საპოლიციო ბარიერი გაიტანა, პოლიციის ოფიცერს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ, დევნის დროს გამვლელებს დაეჯახა. დაშავდა ოთხი ადამიანი. პოლიცია ინციდენტს განიხილავს, როგორც ტერორისტულ აქტს.
აღნიშნულის შემდეგ, დამნაშავის ავტომანქანა გადატრიალდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხერხდა. ავტომანქანაში „ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის 30 წლამდე ასაკის დამნაშავე დაკავებულია. წინასწარი მონაცემებით, ის მარტო მოქმედებდა, მაგრამ კანადის პოლიცია ტერაქტში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს.