მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ სიმღერა „ო, ენავ ჩემო" იყო პირველი მძაფრი პროტესტი რუსეთიდან წამოსული იდეისადმი, რომ საქართველოში მეორე სახელმწიფო ენა ყოფილიყო რუსული. „ობიექტივის" ეთერში საუბრისას მომღერალმა სიმღერის შექმნის ისტორია გაიხსენა.
„დიდი შეცდომა იყო, ვინც მოიფიქრა, რომ ქვეყანაში მეორე ენა ყოფილიყო რუსული. ეს სიმღერა იყო პროტესტის მუხტი, თავისუფლების სურვილი. ეს იყო შოკი სტუდენტებისთვის. გავგიჟიდით, როცა გავიგეთ, რომ მეორე ენა და შესაძლოა უმთავრესიც, რუსული ყოფილიყო. ძალიან დიდი მუხტი იყო საზოგადოებაში.
ამ დროს მქონდა კონცერტი პროფკავშრების კულტურის სასახლეში ვმღეროდი კვარტეტ „თბილისთან" ერთად. როდესაც წინა დღეებში მოხდა ასეთი ამბავი, ვგრძნობდით, რომ რაღაც გვაკლდა, გვინდოდა სიმღერა ენაზე. ჯემალ სეფიაშვილმა დაგვიწერა სიმღერა. მივედით მასთან სახლში, პიანინოზე ედო ირაკლი აბაშიძის ტომეული და როდესაც დაიწყო სიმღერა, თვალზე ცრემლი მოგვადგა.
და როდესაც კონცერტზე ვიმღერეთ ეს სიმღერა, მე ასეთი ოვაცია არ მსმენია, დარბაზი დაინგრა",- იხსენებს მომღერალი.