logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: „საზოგადოება 20/30“-ს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს
- +

2 ოქტომბერი. 2017. 14:44


ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა „საზოგადოება 20/30"-ის წარმომადგენლის გიორგი მამულაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია ფსევდოა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.


„ვინმე გიორგი მამულაშვილი ავრცელებს ამ განცხადებას! ოდნავ შეცვლილი ლოგო, იგივე სახელი აღებული, მაგრამ არაფერი აქვს საერთო იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრიბა! მინდა ვთქვა, უბრალოდ, რომ ეს ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის არაა და საინტერესოა, ვის სჭირდება ეს? გაავრცელე შენი მოსაზრება, თუ გინდა, მაგრამ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდა დააკავშირო, რომ ვინმეს წააკითხო, ეტყობა. სირცხვილია ასეთი ნიუსების გავრცელება და ფსევდოკავშირის მცდელობა! იმედია, მედიაც არ აჰყვება ამ ფსევდონიუსის გამავრცელებლებს!" - წერს მიხეილ დუნდუა.


მანამდე „საზოგადოება 20/30"-მა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელი შეფასება გაავრცელა.


გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებასა და რეკომენდაციებს:


„დადებითად ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სრულადპროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება 2024 წელს, ნაცვლად 2020 წლისა. მივიჩნევთ, რომ 2020 წლისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება არ იქნება მზად დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. თუ ვიმსჯელებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობითა და დღეს არსებული რეალობით, სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედებამ 2020 წელს შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობთ, 3 წლიანი პერიოდი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ. კერძოდ, განვითარდეს მათი სტრუქტურა, რეგიონალური წარმომადგენლობები. ამ მიმართულებით, გასათვალისწინებელია მათი ფინანსური უზრუნველყოფაც, რაც პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ასევე, აუცილებელია, პარტიები განვითარდნენ იდეოლოგიურ პლატფორმებზე დაყრდნობით. ყოველივე ეს შექმნის ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძველს. შესაბამისად, მეტად ლოგიკური იქნება, ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან.


იმ შემთხვევაში, თუ აიკრძალება პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთიანება, სასურველია, დღეს არსებული საარჩევნო ბარიერის, 5 %-ის შემცირება 3 %-მდე, რათა საკონონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს მეტი პოლიტიკური პარტია. ეს ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმის არსებობას.


არასამართლიან და არათანასწორ გარემოს ქმნის საარჩევნო სისტემაში ე.წ. ბონუსის არსებობა, რომელიც გადაუნაწილებელ ხმებს მიაკუთვნებს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული 5%-იანი საარჩევნო ბარიერი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, ვიმეორებთ, ჩვენს რეკომენდაციას საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. ამ გზით, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაუნაწილებელი ხმების რაოდენობა, რაც მოხსნის ბონუსის სისტემის საჭიროებას.


პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს ამ ინსტიტუტის როლისა და მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც დაახლოებით თანაბრად გადაინაწილებს მანდატებს საკანონმდელო ორგანოში (ასევე პოლიტიკურ ლანდშაფტზე), რაც გარანტი იქნება იმისა, რომ ისინი ერთმანეთს დააბალანსებენ, ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ პარტიათა შორის ძალაუფლებას და შეასრულებს ერთგვარი მოდერატორის ფუნქციას. შესაბამისად, 2023 წლისათვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გაზრდის რისკებს პოლიტიკური სტაბილურობის შესაძლო რღვევის მიმართულებით და შექმნის დამატებით რისკებს. ასევე, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მეტად ლოგიკური იქნება ქვეყანაში ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს არსებობის შემთხვევაში. „საზოგადოება 20/30" მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.


„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს" გაუქმების შემთხვევაში, გვაქვს რეკომენდაცია, განხორციელდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს" რეფორმა, რათა ის იქცეს მეტად ოპერატიულ და ეფექტურ ორგანოდ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.


დადებითად ვაფასებთ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გარდამავალ დებულებად ჩაწერის საკითხს. ვფიქრობთ, რომ ამ მუხლის ირგვლივ აუცილებელია გაგრძელდეს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსია. გათვალისწინებული უნდა იყოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებები და შენიშვნები. (ეს მუხლი კრძალავს ახალი გადასახადების შემოღებასა და გადასახადების ზედა ზღვრის დაწესებას რეფერენდუმის გარეშე).


მივესალმებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ასევე, 2024 წლიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. ეს ცვლილებები უკეთ უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.


დადებითად ვაფასებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გარდამავალ მუხლად წარმოდგენას. ვთვლით, რომ არ არსებობს მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა. რამეთუ, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელება ქვეყნის უზენაეს კანონში არ არის მიზანშეწონილი. მისასალმებელია, რომ მსგავსი ჩანაწერი არ გაჩნდა კონსტიტუციის პრეამბულაში.


„საზოგადოება 20/30"-ის წარმომადგენელი გიორგი მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება არ გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებას. ამასთან ერთად, „საზოგადოება 20/30" არ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს. 2016 წლის 9 ივნისიდან, საზოგადოების საკითხებს კურირებს გიორგი მამულაშვილი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული „საზოგადოება 20/30"-ის საქმიანობაში".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner