"ჩვენ ვართ ქართველები, რომლებმაც 4 საუკუნეა ჩვენი ენა შევინარჩუნეთ სპარსეთში. ირანში ქართველების გარდა სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობაც ცხოვრობს, მათ შორის არიან სომხები. თუ ჩვენ ენა შევინარჩუნეთ, სომხებმა რელიგია შეინარჩუნეს"- ამის შესახებ "აიპრესთან" ფერეიდანელი ქართველი ამინ ნაგელიანი საუბრობს.
ამინი, ირანში "კავკასიის უნივერსიტეტის" წარმომადგენელია. იგი ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ირანის ისლამურ სახლემწიფოში მედია ტურით იმყოფებოდნენ, მეგზურობას და თარჯიმნობას უწევდა. ის სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას. მას ირანი და საქართველო ერთაირად უყვარს.
"აიპრესთან" ამინ ნაგელიანი ამბობს, რომ „ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველების ფერეიდანში გადმოსახლება 1614 წელს დაიწყო და 1617 წლამდე გაგრძელდა. უკვე 402 წელია რაც ქართველების ისტორია არის სპარსეთში. რამდენი ქართველი ცხოვრობს ფერეიდანში ამის ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, სავარაუდოდ დაახლოებით 50 000 ადამიანი.
ირანში რევოლუციის შემდეგ, ბევრი შესაძლებლობა მოგვეცა, მოვახერხეთ ქართული სკოლის გახსნა, სადაც 200-დან 300 ბავშვი სწავლობს.
მინდა გითხრათ, ირანის ისლამური რესპუბლიკა არამარტო ქართველებს, არამედ ყველა ეთნიკურ უმცირესობას ერთნაიარად უყურებს და მათ შორის განსხვავებული მიდგომა არ აქვს. ქართველებიც დადებითად ფასდებიან ირანში და სხვებიც.
ათასობით ქართველი ცხოვრობს თეირანში, ასევე სხვადასხვა ქალაქში. ქართველები ირანის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ, საკანონმდებლო ორგანოშიც არის ქართველი დეპუტატი, რომელმაც 12 წამყვანი თანამდებობა დაიკავა პარლამენტში. არავითარი შეზღუდვა ქართველებს არ აქვთ", - განაცხადა ნაგელიანმა.
ფერეიდნელი ქართველი "აიპრესთან" საქართველოს მთავრობის მიერ სულ რამდენიემ თვის წინ, ირანის მოქალაქეებისთვის გამარტივებულ ვიზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ "2013 წელს საქართველოს მიერ ირანის ისლამური სახელმწიფოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესებით ირანს პრობლემა არ შექმნია, პირიქით საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა".
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გამკაცრებამდე, რაც 2013 წელს მოხდა, ასიათასი ირანელი ჩამოდიოდა, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი ჰქონდათ.
"აიპრესის" კითხვაზე, ვიზებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ხომ არ აპირებენ ფერეიდანში მცხოვრები ქართველები საქართველოში დაბრუნებას, ნაგელიანმა გვიპასუხა, რომ "ფერეიდნელი ქართველები, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ბევრმა ფერეიდნელმა გამოთქვა საქართველოში ჩასვლის სურვილი. თუმცა, მინდა გითხრათ, სანამ ირანის ისლამურ სახელმწიფოში ფერეიდნელს ექნება საშუალება გვქონდეს მაღალი თანამდებობა, ექნება სწავლისა და დასაქმების უფლება, აქ უფრო მეტი შანსი აქვს ჰქონდეს მაღალი ხელფასი, ვიდრე საქართველოში".
ამინი "აიპრესთან" აღნიშნავს რომ ფერეიდნელების უმეტესობა ოჯახებში ქართულად ლაპარაკობს. თუმცა, ახალგაზრდებმა მეტი იციან საქართველოზე, ვიდრე მოხუცებმა.
"დღეს სხვა ტექნოლოგიები და ურთიერთობის პერიოდია. ხალხი სოციალური ქსელით უკავშირდება ერთმანეთს. ახალა უკვე ახალგაზრდებმა ბევრი რამე იციან საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე. სამწუხაროდ, ქართული ტრადიციები მცირე შემოგვრჩა, მარტო ქართული ენა შევინაჩუნეთ. ახალ წელს მეკვლე ჩვენთანაც არის, მიდის ოჯახში, მიაქვს საჩუქარი და ლოცავს. თუმცა, უფრო ირანული ტრადიციები გვაქვს.
ჩვენ გვინდა, რომ ორივე ირანული და ქართული კულტურა-ტრადიცია ვაღიაროთ და დავიცვათ, ეს ჩვენთვის საინტერესო იქნება".
ირანში "კავკასიის უნივერსიტეტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ირანის ისლამურ სახელმწიფოს დიდ პატივს სცემს, რადგან ხელს უწყობენ ქართველებს შეინარჩუნონ ქართული ენა.
"ირანს დადებითად ვაფასებ, იმიტომ რომ ისინიც დადებითად მაფასებენ. ეს მავალდებულებს, რომ მეც პატივი ვცე. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა და პატივისცემა. როცა ჩემი ქვეყანა, ჩემი მთავრობა და სახელმწიფო საშუალებას მაძლევს ფერეიდანში ქართული სკოლა გავხსნა, თავისუფლად ვისწავლოთ და შევინახოთ ქართული ენა, მაშინ მეც პასუხისმგებელი ვარ პატივი ვცე. ხელს გვიწყობენ ქართველებს", - განაცხადა ნაგელიანმა.
ფერეიდნელი ქართველი "აიპრესთან" აცხადებს: "მე მინდა, რომ ორივე ქვეყანაში მშვიდობა და წინსვლა იყოს. ეს ორი ქვეყანა უძველესი ისტორიიდან ერთმანეთთან ყოფილან დაკავშირებული, ახლაც არიან და მომავალშიც ასე იქნებიან. იმიტომ, რომ ახლოს არიან ერთმანეთთან. ნათქვამია: "კარგი მეზობელი 10 ახლობელს სჯობიაო".
ირანი და საქართველო ერთმანეთის მეზობლები არიან. მათ ერთმანეთის დახმარება მეტად შეუძლიათ, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებს, რომელიც ჩვენგან შორს არის. განსაკუთრებული წარმატება მინდა საქართველოსთვის. ასევე ირანისთვისაც. ვხედავ ქართულ საზოგადოებაში ხარვეზებს, მაგრამ ვიცი, საქართველო აყვავდება. მე ასე მწამს.
ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ქართველება ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ერთმანეთი უნდა მივიღოთ. იცოდეთ, ძალა ერთობაშია.
ქართველებს შეუძლიათ უკეთეს სიტუაციაში იყვნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ქართველები იმ ადგილზე არიან, სადაც უნდა იყვნენ. უფრო შესანიშნავი ადგილის და სიტუაციის ღირსები არიან.
მივესალმები ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას. მე ვფიქრობ, ამისთვის საქართველოს ბევრი საშუალებები აქვს თუ სწორად გამოიყენებს და მართავს", - განაცხადა ამინმა.
"აიპრესის" კითვხაზე, რას დაგვაბარებთ საქართველოში, ამინმა გვიპასუხა: "ქართველებს გადაეცით, რომ მიყვარხართ!".