ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
SIC !!!! SIC !!!! SIC !!!!
ახლა... ერდოღანიც!!!
**************************
არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციას პრეზიდენტ ერდოღანის ბოლო გამოსვლის თაობაზე.
რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთის 79 მილიონი მცხოვრების გარდა სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები. ჩვენს ინტერესებში შედის ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, ყარაბაღი და სხვა საძმო რეგიონები. როდესაც თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს, ჩვენც მაშინ დავკარგავთ ინტერესს ამ ტერიტორიების მიმართ. უამრავი ისტორიკოსი განიხილავს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ხალეპი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი (sic!), თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთი თრაკია და ეგეოსის კუნძულები". (worldnews.ge )
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შედეგად ნაციონალისტური სულისკვეთების მეტ-ნაკლებად აღმავლობამ, ასევე სირიის სისხლისმღვრელ კონფლიქტში თურქეთის გააქტიურებული როლის, ქურთული სახელმწიფოს პერსპექტივებისადმი მისი გაღიზიანების, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან თურქეთისა და მისი ლიდერისადმი დაუფარავი კრიტიკული დამოკიდებულების, განსაკუთრებით, ევროპაში მცხოვრები თურქი ეროვნების ადამიანებისადმი ბატონი ერდოღანის აგრესიული მოწოდებების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ქართველი საზოგადოება არ დააფიქროს თურქული ელიტის გახშირებულმა ინტერესმა ბათუმის, მთელი აჭარის მიმართ.
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა დავასკვნა: ამას „რევიზია" ჰქვია - საერთაშორისო გადაწყვეტილებების, მსოფლიოში დღეს არსებული წესრიგის, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის რევიზია.
ჩემი ამ პირადი(!) დასკვნის საფუძვლიანობას ცალსახად აძლიერებს რუსეთისა და თურქეთის სტრატეგიულ-ტაქტიკური დაახლოების აშკარად ხელოვნური დემონსტრაცია, სახელმწიფო ლიდერების ურთიერთვიზიტების გაშუქების მასშტაბები, ყირიმის „პრობლემის" ძალისმიერი გადაწყვეტილება, უკრაინასთან კონფლიქტის მოუგვარებლობა და ეკონომიკური სანქციების გამო რუსეთის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებად, რომელიმე არსებული თუ დამატებითი ლოკალური სამხედრო კონფლიქტის სავარაუდო წამოწყება-გაღრმავება. დაამატეთ ამას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო პოტენციალის არნახული ზრდა და... ჩვენთვის ყველაფერი უნდა დადგეს კუთვნილ ადგილზე.
ამასთან დაკავშირებით ღირს დაფიქრება. რეალობის გაანალიზება. მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება, სულ მცირე დეტალებისადმიც კი სერიოზული ყურადღება, რამეთუ, როგორც იტყვიან, სწორედ დეტალებშია ეშმაკი დამალული. და თუ საჭირო გახდება, უნდა გადაიდგას კიდეც აუცილებელი ნაბიჯები სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის დახვეწის მიზნით.
მანამდე კი ერთი მტკივნეული საკითხი, გამომდინარე იმ საერთო რეალობიდან, ზემოთ რომ შემოვხაზეთ. იგი სახელმწიფოს რეპუტაციას ეხება. აქსიომაა ის, რომ დროშასთან, გერბსა და ჰიმნთან ერთად სახელმწიფოს რეპუტაცია თვალისჩინივით გასაფრთხილებელია, რამეთუ, უწინარესად, ეს სიმბოლოები და მათდამი მოქალაქეთა დამოკიდებულება გამოხატავს სახელმწიფოს სტაბილურობას.
მეჩვენება, რომ ამ მხრივ ვცოდავთ ყველა - სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მოქალაქეები.
მიუხედავად ზოგიერთი მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატებისა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ პრემიერ გ. კვირიკაშვილის პერსონასთან, ისეთი ჩავარდნები გვაქვს საგარეო ასპარეზზე, რომ ეჭვი გვიჩნდება, სერიოზული, საფუძვლიანი: საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურაში არსებობს კი ეფექტიანი, ავტორიტეტული, კომპეტენტური საგარეო საქმეთა სამინისტრო?
ეს შეკითხვა თანაბრად ეხება წინა და ახალი ხელისუფლებას, რამეთუ „სირაქლემას პოზიციაში" ყოფნა დღევანდელი „გამოგონება" არ გახლავთ და ამის შესახებ ადრეც რამდენჯერმე მივანიშნეთ, ქვეტექსტად, ირიბად, ტაქტიანად იმას, ვისაც ჯერ არს. შეგახსენებთ ზოგიერთ ფაქტს:
- საზოგადოებისთვის, მაგალითად, უცნობია, ჰქონდა თუა არა დიპლომატიურ უწყებას სერიოზული, ადეკვატური რეაქცია თურქულ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე და სასწავლო სახელმძღვანელოებში გამოქვეყნებულ სკანდალურ რუქებთან დაკავშირებით, როცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი - აჭარა და ბათუმი განიხილება თურქეთის შემადგენლობაში? თუ ჰქონდა, ეგებ, ჩვენ გამოგვრჩა და, მოკრძალებით ვითხოვთ, მიგვანიშნონ ჩვენი დიპლომატიის და მისი მაშინდელი მეთაურის ბ. გელა ბეჟუაშვილის (ანუ სამინისტროს) საჯარო (!!!), პრინციპული ხასიათის რეაგირება, თანაც ისიც, როგორ მოხდა ჩვენი საზოგადოების ინფორმირება ამ მტკივნეულ თემაზე, სად და როდის გამოქვეყნდა სამინისტროს მტკიცე „პოზიცია" მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში?
- გახსოვთ ალბათ, როგორ „დაიბრმავა ორთავ თვალი" და არ შეიმჩნია მაშინდელმა საგარეო უწყების თავკაცმა ბატონმა გიორგი ვაშაძემ (ანუ, სამინისტრომ) საქართველოში საგანგებოდ, ვითომ „სტუმრად" ჩამოსული უნგრეთის მოქმედი პრემიერის საქციელი, როცა ის დიპლომატიური პრაქტიკისთვის გაუგონარი მოურიდებლობით ჩაერია ჩვენს საშინაო საქმეებში, ღიად მიიღო მონაწილეობა 2012 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიაში, ხოლო დამთავრებისას, შედეგებით უკმაყოფილომ, უხეშად „დატუქსა" საქართველოს ამომრჩევლები, მისი გაგებით, „ცუდი" არჩევანისა გამო, ანუ, ხმა რატომ მიეცით „ქართულ ოცნებას" და არა სააკაშვილის „ენმ"-სო.
სხვათაშორის, ამ „გამოხდომას" სრულიად არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ორიოდე წლის შემდეგ ტაშ-ფანდურით გვემასპინძლა უკვე „გამოსწორებული" და ახალ ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბატონი ორბანისთვის. ეტყობა, ორივე მხარეს კლასიკური გაგებიდან განსხვავებით ესმის, თუ რა შინაარსია ჩადებული ტერმინში „თავმოყვარეობა", ისევე, როგორც რას ნიშნავს ტერმინი „ორმაგი სტანდარტი".
- არა მგონია, ჩვენ საზოგადოებას დავიწყებოდა თურქეთის ერთ-ერთი ლიდერის - ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდგომ კი პრემიერის დავითოღლუს ადრინდელი ლაყბობა(!) ბათუმთან დაკავშირებით? რაღაც არ გვაგონდება მაშინდელი სამინისტროს და მისი წინამძღოლის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის და მისი მოადგილეების (ახლაც რომ მოადგილეობენ) ისეთი ღირსეული პასუხი ამ უტიფრობაზე, რომელიც ცნობილი გახდებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის.
- სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი საზოგადოება აღაშფოთა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ზალბერის „აღტაცებამ" იმის თაობაზე, თუ რა სერიოზულად ჩატარებულა პრეზიდენტის არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და იმან, თუ რა აღმატებული შეფასებებით მიულოცა ახალგამომცხვარ პრეზიდენტს გამარჯვება იმ არჩევნებში, რომელსაც... უკანონოდ მიიჩნევდა და მიიჩნევს მისი, როგორც სპეციალური ემისარის წარმომგზავნი უმაღლესი ევროსტრუქტურა... გაგახსენებთ იმასაც, თუ პრაქტიკულად როგორ „გადაყლაპა" ჩვენმა საგარეო უწყებამ საერთაშორისო დიპლომატურ პრაქტიკაში წარმოუდგენელი მსგავსი საქციელი, „ბოდვა", მიაფუჩეჩა ასეთ შემთხვევაში უპირობოდ საჭირო რეაგირება და მისცა საშუალება ამ ვაი-დიპლომატს, „მშვიდობიანად" განრიდებოდა ობიექტურ სკანდალს... ჩვენი საზოგადოება არ ჩათვალეს იმის ღირსად, რომ ვინმეს სერიოზულად და ღირსეულად აეხსნა საგარეო უწყების ეს „კეთილშობილური" ჟესტი...
- ახლახან ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა იაროშმა, რომელიც ლამის „ადიუტანტად", „კურატორად" თუ „პირად მცველად" არის მივლინებული ჩვენი ექს-პრეზიდენტის ევროვოიაჟებში და, პრაქტიკულად, გვერდიდან არ შორდება ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ (!!!) ჩამოართვა მოქალაქეობა ბატონ მიხეილ სააკაშვილს. უფრო მეტიც, ევროპარლამენტში „ყურების დაჭრით" დაემუქრა ჩვენს ქვეყანას... იმისათვის, რომ საგარეო უწყებამ ხელისუფლების სახელით გააკეთოს საჭირო ოფიციალური განცხადება, ვის მითითებას ან რას ელოდება საგარეო საქმეთა მინისტრი, იგივე ვიცე-პრემიერი ბატონი ჯანელიძე?
- კარგად გვესმის, რას ნიშნავს არა მარტო დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვეულებრივი, ადამიანური ტაქტი და ისიც, რომ წინასაარჩევნო რიტორიკა ბევრ „რამეს" იტანს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი: როცა თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღმაშფოთებელ ცილისწამებად, პირად შეურაცხყოფად (!!!) ჩათვალა და საჯაროდ დაგმო თურქული მედიისა და ცალკეული პოლიტიკოსების ვარაუდი ვითომდა მის წარმომავლობაში ქართული ფესვების არსებობის შესახებ, ეს როგორ უნდა იქნეს გაგებული? ტაშისცემით და ოვაციებით უნდა შევხვდეთ „ისტორიული მეგობარი" ქვეყნის მომავალი თავკაცის ამ უტაქტობას და მორჩილად აღვასრულოთ მისი ნებისმიერი „კაპრიზი", ეხება ეს „დიდგორობის"" აღნიშვნას თუ პოლიტიკური ოპონენტების საქართველოდან ექსტრადიციის ჯიუტ მოთხოვნას?
(ბარემ ამ ვითარებას, როგორც სამწუხარო საფუძველს, დავუკავშირებთ იმ აბსოლუტურად არაეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ, აბსოლუტურად გაუგებარ, მავნე, აღმაშფოთებელ პრაქტიკას, რომლის შედეგად თურქეთის უამრავ მოქალაქეს დაუკანონდა საქართველოს მოქალაქეობა და, არ არის დასამალი ის, თუ ამ „მოვლენამ" პრინციპულად როგორ იმოქმედა საარჩევნო გარემოზე ბათუმში) და აი, ამ რეალობას მივყავართ ერთ სავალალო დასკვნამდე: ჩვენი დიპლომატიის ხელთ არსებული ღია თუ „კულისების" მეთოდებით მტკიცედ, პრინციპულად, შეუპოვრად და ბრძნულად რომ არ ვიცავთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სწორედ ამიტომაც მივიღეთ კიდეც მორიგი „ალიყური": ბატონმა ერდოღანმა აღარ დამალა პრეტენზია აჭარაზე, ბათუმზე...
აი, სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ ე.წ. დეტალებიდან, ზემოთ რომ მივანიშნე და რომლებშიც სწორედ ის ეშმაკია დამალული, რომელსაც ხან ელცინი ჰქვია, ხან პუტინი, ხან არძინბა, ხან კოკოითი, ზოგჯერ დავითოღლუ, ან ორბანი, ახლა კი... აგერ, გამოჩნდა აღა ერდოღანიც!
ყოველივე ამის შემდეგ გვაქვს თუ არა უფლება, კრიტიკულად შევაფასოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ამ მიმართულებით წამყვანი სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობა?
და ვინმე „ავადმყოფმა" (აქაურმა თუ იქაურმა) ამ ჩემს მორიგ, გულისტკივილით და გულშემატკივრული სულისკვეთებით გამსჭვალულ რეპლიკას რაღაც „კუდი" რომ არ გამოაბას, ვაცხადებ:
- არ მიმაჩნია ადრინდელი თურქეთი ჩვენ ისტორიულ მეგობრად და ყოველგვარი განცხადება ამ ე. წ. „ისტორიულ მეგობრობაზე" არის, რბილად რომ ვთქვათ, ელემენტარული უმეცრება, რომლის გამართლება „რაღაც" დიპლომატური ტაქტით თუ სახელმწიფო ინტერესებით არის კიდევ უფრო დიდი სიბრიყვე.
- მივესალმები ბოლო 20-25 წლის მანძილზე ორ ქვეყანას შორის განვითარებულ თანამშრომლობას და გარკვეულწილად თბილი ურთიერთობების განვითარებას, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, პირადად მეც, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ვუწყობდი ხელს, როგორც დაფუძნების ინიციატორი და თანაპრეზიდენტი თურქეთ-საქართველოს მეგობრობის და თანამშრომლობის ასოციაციისა (დარეგისტრირებულია ქ.ანკარაში), რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე პირად პატრონაჟს უწევდნენ პრეზიდენტები სულეიმან დემირელი და ედუარდ შევარდნაძე.
- ჩემი არაერთი კოლეგის და თანამოაზრის სახელით დაბეჯითებით ვითხოვ და ველოდები სახელისუფლებო სტრუქტურების რეაქციას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ზემოთ გვაქვს საუბარი.
და თუ ვინმე, განსაკუთრებით კი ზოგიერთი „ნარცისი" ჩინოსანი ფიქრობს, რომ ყოველივე ამას მხოლოდ გულის მოსაფხანად ვწერთ და ვამბობთ, ღრმად ცდება. ვარწმუნებ მათ: ამ მიმართულებით მავანის და მავანის „ძილს", „უნიათობას" და „სირაქლემობას" უპირობოდ მოჰყვება საზოგადოების ადეკვატური ქმედება.
https://oknws.blogspot.com/2017/10/blog-post_54.html