„ის რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო. ამისი ანალოგი არც ქვეყანას, არც ქალაქს არ გააჩნია. ეს არის სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ექნება ქალაქს", - ასე პასუხობს „თანაინვესტირების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის ბრალდებებს.
ქარსელაძემ განმარტებები TV მაესტროს ეთერში (ცეცხლის ხაზი) გააკეთა. აღნიშნა, რომ კრიტიკოსების მხრიდან უხამსი ტყუილების ტირაჟირება ხდება, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია.
მან აღნიშნა, რომ 4 000 კვ. მეტრის დამატება (რომლის ზონის ცვლილებას გასულ კვირას საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა) თაბორის მთაზე, 40 ჰა ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემების მოწყობამ განაპირობა. უცხოელი სპეციალისტების მიერ მომზადებულმა პროექტმა რელიეფური სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური ნაგებობების განთავსება დაბოლოებაში მოითხოვა, რის გამოც ფონდმა საკრებულოს ზონის ცვლილებაზე მიმართა.
მისი თქმით, განაშენიანება მაქსიმუმ 1000კვ. მეტრზე მოხდება და დაგეგმილია მხოლოდ 1 სართულიანი ნაგებობის აშენება, სადაც განთავსდება წყლის სატუმბი სადგური და საირიგაციო სისტემის ინფრასტრუქტურა.
„არავინ არ კითხულობს როგორ მოხდა ზონის ცვლილება. ლანჩშაპტურ-რეკრეაციული გადაკეთდა რეკრეაციულ ზონა 2-ად, რაც არის არც სახლების ასაშენებელი ადგილია და არც რაიმე პირადი მიზნების გამოყენებისთვის არის განკუთვნილი", - აღნიშნა ქარსელაძემ.
მან თაბორის მთის განაშენიანებაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ 30 ჰა მიწის შეძენა თაბორის მთაზე საჯარო აუქციონზე მოხდა, სადაც „თანაინვესტირების ფონდს" კონკურენტი არ ჰყოლია.
„მიწის ნაკვეთი იქნა შეძენილი რეკრეაციული პროექტის განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს 300 000 კვ. მეტრს, ამას ბატონმა ბიძინა დაამატა მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 ჰა მიწა, რათა მთლიანი ფართობი გამხდარიყო 400 000 კვ. მეტრი. ამ 40 ჰა-ზე მთლიანი სასარგებლო ფართის მოშენება განისაზღვრა მხოლოდ 20 000 კვ. მეტრი, სადაც განთავსდება 2 შენობა სასტუმრო და გოლფ კლუბი, ორივე საზოგადო დანიშნულების და მათი ფართი არ აღემატება 5000 კვ. მეტრს და მხოლოდ 2 და 3 სართულიან, 2 შენობაზეა საუბარი", - განაცხადა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს სივრცე დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია ვაკის პარკზე, ეს იქნება ადგილი, სადაც შეეძლება ნებისმიერ თბილისელს გავიდეს, დაისვენოს და არა მანქანით, არამედ საბაგიროთიც მოხვდეს ტერიტორიაზე.
„როდის ხართ ბოლოს ასული იქ? 3 დასკვნა გვაქვს მომზადებული, გახრიოკებულია ყველაფერი. დროთა განმავლობაში უარესდება ვითარება. ამ პროექტით, იქ უკვე დრენაჟებია მოწყობილი. საირიგაციო სისტემის პროექტი დასრულდა და მილების ჩალაგებაა დაწყებულია. მტკვრიდან წამოღებული წყლით მოირწყვება მთელი ტერიტორია, ისევე, როგორც ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავის დროზე, ასევე ბატონი ბიძინას გაკეთებულია", - განაცხადა ქარსელაძემ
მისი თქმით, რაც შეეხება 2007 წელს შეძენილ მიწას. მისი შეძენა (1 კვ. მეტრი/ 35 ლარი) გარშემო ტერიტორიების აქტიური განაშენიანების გამო მოხდა, რომ ეს ტერიტორია მაინც გადარჩენილიყო, როგორც რეკრეაციული ზონა.