თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ე.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე ე.ბ.-მ ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით გ.ზ.-ს გულმკერდის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.
ე.ბ.-ს 2017 წლის 26 ივნისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ე.ბ. 29 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.