ბონუს-სისტემის გაუქმება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება - ეს ის საკითხებია, რომელთა შენიშვნების სახით პარლამენტისთვის წარდგენაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა. რა მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა.
„შესაძლებელია დისკუსიის გაგრძელება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე. თუ პრეზიდენტი ამ გადაწვეტილებას მიიღებს და ამ ორი საკითხის თაობაზე პარლამენტში ვეტოს წარმოადგენს, ეს უბრალოდ დააჩქარებს პროცესს. რადგან ჩვენ ისედაც ვაპირებთ ამ ცვლილებების მიღებას, კანონიერ ფარგლებში.
თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა იმ ვითარების გათვალისწინებით რომელიც წინ უძღოდა. დაველოდოთ, ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.