აჭარაში კიდევ ერთი სალოტბარო სკოლა გაიხსნა
ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის შემსწავლელთა მსურველებს ახლა უკვე შუახევის სალოტბარო სკოლა მიიღებს.
5 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიხსნა სალოტბარო სკოლა; სალოტბარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე და სხვები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ.
შუახევის სალოტბარო სკოლას უხელმძღვანელებს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ზურა ვერძაძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 2015 წლიდან, ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა უფასოდ ისწავლება და სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.
დღეისთვის უკვე 18 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (ბათუმი, წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), სადაც ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას 800-მდე ბავშვს და მოზარდს საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან.