ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„25-წლიანი ტრადიციაა, 5 ოქტომბერს გოჩა ყარყარაშვილის საფლავზე შეკრება (ეს ის დღეა, გაგრაში რომ დაიღუპა გოჩა და მისმა ძმამ გიამ, არჩევანში - დაღუპული ძმის გვამი თუ დაჭრილი ჯარისკაცი, არჩევანი ჯარისკაცის სასარგებლოდ გააკეთა და ზურგით ატარა გადარჩენამდე... ახალი არავინ გვემატება, ძველი თუ მოგვაკლდება... ვიკრიბებით, გადავთვლით ერთმანეთს, გვიხარია, რომ ვერც დრომ და ვერც რეჟიმებმა ვერ შეგვცვალა (ვინც შეცვალა, ის კარგა ხანია ისედაც მკვდარია ჩვენთვის)! ისევ ისეთები ვართ, ისევ მზად ვართ, შევიკრიბოთ ჩვენი გენერლების პირველივე დაძახილზე, ისევ ის სალდაფონური ხუმრობები თუ ტკივილი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ აქ, ამ ადგილას, საფლავზე გვიბრუნდება ახალგაზრდობა! შეიძლება უტვინო, არაპრაგმატული, არგათვლილი მომავალზე, ტრაგიკულიც... მაგრამ ახალგაზრდობა! წლები მართლა აშუშებს ტკივილებს, თუმცა, სასიკეთოდ ბევრს არაფერს ცვლის, მერა რა, რომ ისევ იქ ვართ, სამაგიეროდ ისევ ერთად ვართ!" - წერს თოფურია.