ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობის პირებს გოლფის თამაშის უფლემა მისცეს. ამის შესახებ პარტიის დისციპლინური ინსპექციის ცენტრალური კომისიის გაზეთი იუწყება.
როგორც გამოცემაში წერია, გოლფი არის - „მხოლოდ სპორტი" და „მასში არაფერი გასაკიცხი არ არის". საქმე ეხება დისციპლინური კოდექსის 87-ე მუხლს, რომელიც გოლფ-კლუბის წევრობისთვის თანამდებობის პირთა დასჯას ითვალისწინებდა.
ახლა უკვე იმ შემთხვევაში, თუ მთავრობისა და კომპარტიის წევრები თავად გადაიხდიან გოლფ-კლუბის წევრობის საფასურს და „ეს საქმიანობა მათ მუშაობაში ხელს არ შეუშლის", მათ უფლება აქვთ, გოლფი ითამაშონ.
ჩინეთში გოლფი „მილიარდერების სპორტად" მიიჩნევა. 2004 წლიდან ქვეყანაში გოლფის მოედნების მშენებლობა შეწყვეტილია. გასულ წელს კი კომპარტიის წევრებს გოლფის თამაში აეკრძალათ. ითლებოდა, რომ სწორედ გოლფის თამაშის დროს ხდება კორუფციული გარიგებები, ბიზნესმენები უახლოვდებიან ჩინოვნიკებს და გადასცემენ „წითელ კონვერტებს" (ასე მოიხსენიებენ ჩინეთში ქრთამის აღებას).