ბესიკ ხარძიანის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ გია უდესიანის პროცესზე გლდანის ციხის დირექტორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ჯანჯღავა დაიკითხა. როგორც მოწმემ განაცხადა, ხარძიანი სპეცსაკანში მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მისი თქმით, ასეთი საკნები ვიდეოთვალით იყო აღჭურვილი და გახმაურებული საქმის პატიმრები თავსდებოდნენ.
გარდა ამისა, საკანში ადმინისტრაციასთან შეკრული პატიმრები იყვნენ მოთავსებული, რომ ზემოქმედება მოეხდინათ და ინფორმაცია გამოეტანათ. ზეწოლის მიზანი ინფორმაციების გამჟღავნება და საპროცესოზე წასვლა იყო.
ჯანჯღავას გარდა პროცესზე ყოფილი პატიმარი ლევან ხუციშვილი დაიკითხა. მოწმემ გაიხსენა 2011 წელს გლდანის ციხის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა როგორ დაავალეს ხარძიანის საკანში შესვლა და პატიმარზე ფსოქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის განხორციელება. მისი თქმით ვიქტორ ყაჭეიშვილმა მისგან მოითხოვა რომ ხარძიანი უნდა ეცემათ, თუმცა ბრძანება არ შეასრულეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს რომ დაეჯერებინათ, ცემის ინსცენირება მოაწყეს და საკანში ყვირილი დაიწყეს. მოწმის თქმით, მან არ იცოდა რომ საკანში ვიდეოთვალი იყო. როდესაც გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელებმა გაიგეს რომ დავალება არ შეასრულეს, ისინიც ხარძიანთან ერთად სცემეს.
ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ციხეში მისი წამების შესახებ, სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომლებმა და ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ხარძიანის საკანში იხდიდა სასჯელს, ხარძიანის წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაადასტურეს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ წამების მიზანი კუს ტბის და ქონების დათმობა იყო. დავალება კი გლდანის ციხის ხელმძღვანელებისგან მოდიოდა.
ხარძიანის წამებაში და წამების ორგანიზებაში ბრალდებულები ალექსანდრე მუხაძე და გია უდესიანი არიან. ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს.