საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში 2017 წლის 7 და 8 ოქტომბერს ქ. ბოლნისში გაიმართება დიდი სახალხო ზეიმი, რომლითაც აღინიშნება 200 წლის წინ პირველი შვაბი კოლონისტების ჩამოსვლა ყოფილ კატარინენფელდში. სახალხო ზეიმს 11:30 საათზე ისტორიულ უბანში (სააკაძის ქუჩაზე) ოფიციალურად გახსნიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი.
გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი განსახლებისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ჰარტმუთ კოშიკი დელეგაციასთან ერთად, რომელშიც ასევე იქნება ბუნდესტაგის წევრი შტეფან მაიერი, ჩამოვა საქართველოში, რათა მიიღოს მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში. ბატონი კოშიკი 8 ოქტომბერს დაესწრება სახალხო ზეიმს ბოლნისში.
სახალხო დღესასწაულის საზეიმო გახსნაზე 7 ოქტომბერს გერმანიის სამხედრო ორკესტრი ბოლნისის ქუჩებში მოაწყობს მსვლელობას, შემდეგ კი ყოფილი ევანგელისტური ეკლესიის წინ შეასრულებს ცნობილ მარშებს, ასევე სვინგის, ჯაზის მელოდიებსა და კინომუსიკას.
7 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ქართველი და გერმანელი ხელოვანები წარმოადგენენ თეატრალურ დადგმებს, გამართავენ კონცერტებს და მოაწყობენ გამოფენებს, მაგალითად თბილისიდან ჩასული რობერტ შუმანის სახელობის ევროპული სკოლის გერმანულენოვანი განყოფილების „ანი-ცეტის" მოსწავლეები წარმოადგენენ ცეკვებსა და სიმღერებს, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი გამართავს სპექტაკლს, ახალგაზრდული ბავარიული ჯგუფი „Grenzjaga" შეასრულებს ბავარიულ მელოდიებს, ქართული ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა", რომელსაც გერმანიის საელჩო საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სპეციალური პროექტის ფარგლებში
აფინანსებს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე წარმოადგენს პროგრამას „სიყვარული ყველაფერია" და მოიცავს გერმანულ მუსიკას ბახიდან რამშტაინამდე. ქართველი ხელოვანი ვატო წერეთელი და გერმანელი მხატვარი კაროლინე ბაიერი გეპატიჟებიან ინტერაქტიური ინსტალაციის სანახავად. ვისაც უფრო მეტის გაგება სურს საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის შესახებ, შეუძლია დაესწროს ევანგელისტურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ჰანს-იოახიმ კიდერლენის მიერ ამ იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი პიესის პრემიერას.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება გერმანულ უბანში ახალი საბავშვო მოედნის ნახვა, რომელიც გერმანელ ხის მოქანდაკესთან ერთად ბოლნისელმა ახალგაზრდებმა ებერჰარდ შიოკის სახელობის ფონდისა და გერმანიის საელჩოს დაფინანსებით შექმნეს.
ბავშვებსა და ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა თამაშებში, მაგალითად ბავშვების საყვარელ საძიებო თამაშ „Schnitzeljagd"-ში. გარდა ამისა ღია იქნება გერმანული უბნის სარდაფების კარები, ხოლო ქუჩებში დაიდგმება დახლები, სადაც გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები, ღვინო და რეგიონში მოყვანილი პროდუქტები.
დღის საზეიმო დასასრულს ჩატარდება ჯგუფ „რეგიონის" გალა-კონცერტი.
8 ოქტომბერს მოხდება მემორიალის გვირგვინით შემკობა, ხოლო შემდეგ ჩატარდება ღვთისმსახურება გერმანელი კოლონისტების გასახსენებლად. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი კოლონისტების გერმანიიდან ჩამოსულ შთამომავლებთან ერთად გამართავს ფორუმს, რომელზეც საუბარი იქნება კოლონისტების ისტორიაზე, გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და სამშობლოზე. ფორუმზე ასევე ნაჩვენები იქნება გერმანული მაუწყებლის „Südwestfunk"-ის ფილმი „სოფლები ევროპაში: კატარინენფელდი".
დღის მეორე ნახევარში პეტრე დანელია წარმოადგენს თავის წიგნს „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი". შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ბოლნისის თეატრის მიერ ამ ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/DeuGeo2017/