logo_geo
eng_logo
„ბედნიერება ჩავიცვი კაბად“
- +

7 ოქტომბერი. 2017. 11:15



მწერალთა სახლში, პოეტ მაია ხოფერიას ახალი წიგნის „ბედნიერება ჩავიცვი კაბად" წარდგინება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია კახიძე ავრცელებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მწერლები, პოეტები, მომღერლები, მსახიობები, ახლობელ-მეგობრები და მაიას ორი ვაჟიშვილი ამშვენებდნენ ამ საღამოს. საკუთარი ახალი ლექსები თავად მაიკომაც წაგვიკითხა, ქართული სიტყვაკაზმულობით დაამშვენეს მწერალთა სახლი ნანა ცინცაძემ, ზურა ცინცქილაძემ, ბელა ალანიამ, მამუკა პავლიაშვილმა, მაიკოს ერთი ახალი ლექსი მეც წავიკითხე...

 

მაია პროფესიით იურისტია, მაგრამ თავისი ლექსებით პოეტური ისტორია შექმნა და ეს მისი ფიქრებია, მისი გადასახედი, ვნებათაღელვა... მიყვარს მისი ფორიაქი, მიყვარს ნიჭიერი, ჭკვიანი ქალები. მაიკოს სათქმელი მის ლექსებში იკითხება, გულით დაწერილ სტროფებში. წიგნის რედაქტორი ბატონი ბაღათერ არაბული გახლავთ. საღამოს კი შეუდარებელი პოეტი ნანა ცინცაძე უძღვებოდა. არც სიმღერა აკლდა ახალი წიგნის წარდგინებას და არც ლექსი, ერთმანეთით გახარება თუ სითბო და ღიმილი და არც საჩუქრები. მხატვარ დიზაინერმა, პროფესორმა მაქს შავიტმა მამა გაბრიელის მისი დიზაინით შექმნილი საუცხოო ნაკეთობა და მოოქროვილი ვარდი უსახსოვრა მაიკოს, მხატვარმა ბასე ჯაფაროვამ საკუთარი ნამუშევარი და ამ მშვენიერ საღამოს სხვა ბევრი ამაღელვებელი წუთის მომსწრე გავხდით სტუმრები. საღამოს კი შეუდარებელი ქალბატონი, გამორჩეული პოეტი - ნანა ცინცაძე უძღვებოდა.

 

მილოცვებს ხომ ბოლო არ უჩანდა: ჯუბა ღებელი, როგორც ყოველთვის, დიდი სიყვარულით გამოვიდა, უთბილესი მეგობარი - ბადრი სულაძე, მზია ხეთაგური და ერთი სიტყვით, ვიდრე კიდევ გამიგრძელდება სიტყვა, ისევ მილოცვით და, რა თქმა უნდა, ტკბილად, ტორტით და ფოტოებით დავასრულებ 5 ოქტომბრის ამბებს.

 

P.S. მაიკო ხოფერია, წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხით, რამდენიმე შშმ პირს დაეხმარა", - წერს მაია კახიძე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner