logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ფარული ჩანაწერები უახლოეს მომავალში კიდევ გამოქვეყნდება!
- +

15 აპრილი. 2016. 11:10


 

„მოვუწოდებ ჩვენს პროკურატურას, ძალოვნებს, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება აბარია - განსაკუთრებულად ყურადღებით იყავით, რადგან უფრო რთული პროცესი ახლა დაიწყება!


„ნებისმიერი ქალის ინტერესი ჩემთვის უზენაესია, მაგარმ ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივარ, რომლის იმიჯიც დღეს შერყეულია!" - აცხადებს „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა და პრემიერს მემორანდუმის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.


- თქვენს განცხადებას - „ჩემი სალამი ქმრიან მეძავებს" დიდი რეზონანსი მოჰყვა, მეტიც, ამის გამო ბევრი დაგიპირისპირდათ ფარულად თუ ღიად...

 

- ჩემი ეს განცხადება ზედმეტად მტკივნეულად აღიქვეს - ქურდს ქუდი ეწვისო. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, არავინ ვართ ფრთიანი ანგელოზები. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ოჯახის, ქვეყნის გასაწირად არცერთი თანამდებობა არ ღირს! ძალიან ცუდია ის, რაც კადრების გავრცელებით მოხდა, მაგრამ ასმაგად ცუდია, როდესაც შენზე კომპრომატი არსებობს და თანამდებობას ინარჩუნებ. არავის პირად ცხოვრებაში არ ჩამიყვია ცხვირი და არც ვაპირებ, უბრალოდ, ვამბობ - რეჟიმი დასასჯელია და ქალბატონები, რომლებზეც კადრები ვრცელდება, წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ! მესმის, რომ შანტაჟს არ უნდა ავყვეთ, მტერი არ უნდა გავახაროთ, მაგრამ საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება!


მოსახლეობას უკვირდა, რატომ არ ხდება სამართლიანობის აღდგენა, რატომ მოგვახვიეს თავს კოჰაბიტაციაო. ახლა კი გაირკვა, რომ ეს 3-წლიანი შანტაჟის შედეგი იყო. ღრმად თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ კადრებში ჩანდა, მაგრამ დროულად რომ მიეღოთ გადაწყვეტილება - არ ასულიყვნენ მაღალ იერარქიულ საფეხურზე და ხელი შეეწყოთ იმ დამნაშავეების დასჯისათვის, ვინც ამ კადრებს იღებდა, დღეს ასეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით.


- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში დღესაც არიან ადამიანები, ვისზეც კომპრომატები არსებობს?

 

- იმასაც ვფიქრობ, რომ ასეთები მხოლოდ ქალბატონები კი არა, მამაკაცებიც არიან! ასე რომ, რაც უფრო დროულად გათავისუფლდება სახელისუფლებო ვერტიკალი მათგან, ვისზეც კადრები არსებობს, მით უკეთესი იქნება! ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას აფერხებს! დაუსჯელობის სინდრომმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მთელი ქვეყანა ტერორის ქვეშ არის. საქართველოს რომ „დაგუგლავ" პირველი ინფორმაცია შანტაჟზე ვარდება. წარმოიდგინეთ, როგორი აღსაქმელია ტურისტისთვის, რომ იმ სასტუმროში, სადაც იმყოფება, შესაძლოა, ვიღაცამ ფარულად გადაუღოს?!


- დანაშაულის თანამონაწილე ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებული არიან. როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ფაქტს?

 

- კარგია, მოგვიანებით მაინც რომ ამუშავდა პროკურატურა, თუმცა, სამწუხაროდ, კადრების გავრცელებას უკვე მოჰყვა რამდენიმე ოჯახის დანგრევა.


იცით, რა იყო ხელისუფლების შეცდომა?! - ბინძური აგენტები თავიანთ აგენტებად გამოიყენეს! კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ვარ დღესაც - როგორი ინფორმაციის მატარებელიც უნდა იყოს და რა აგენტურული ქსელიც უნდა ჰყავდეს, ჭუჭყიანი ადამიანი თავის ბინძურ წარსულში უნდა დატოვო. დღეს აქეთ ადანაშაულებენ „ოცნებას" - ვაჟა ლელუაშვილი თქვენ გვერდით იდგა, ჩვენთან რა გინდათო? ნაციონალებს კოზირი უჭირავთ ხელში - თუ ეს ადამიანი უვარგისი იყო, ან დაგეჭირათ, ან მოგეშორებინათო.


როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში ძველი კადრები მოვიდნენ და გადაწყვიტეს, ახალაიას მეთოდები დაენგრათ, ერთ-ერთმა პირველმა ავიმაღლე ხმა. მახსოვს, ახალი ხელისუფლებიდან ბევრმა ვერ გამიგო მაშინ, მანანა კობახიძემ ისიც კი თქვა - მაინც უნდა გაჩუმებულიყო, რადგან ეს საერთო გუნდიაო. აი, შედეგიც! სამწუხაროდ, ამ დუმილში სამი წელი დავკარგეთ.


რადგან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, დამკვეთებსაც დაასახელებენ და ეს ჯაჭვი სააკაშვილამდე მივა! ერთი ნაბიჯი დარჩა დამკვეთამდე, რომელიც ოდესაში ზის!


როგორი არაპოპულარულიც უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართველომ სააკაშვილის დაჭერა და ექსტრადიცია უნდა მოითხოვოს. ეს არის ის, რასაც დიდი მტკიცება აღარ სჭირდება!


იგი არა მხოლოდ ბინძურ დაკვეთებს იძლეოდა, გადაღებული ფირების ნახვასაც ითხოვდა - ბიჭების დახვრეტის კადრებიდან დაწყებული, ციხის კადრებით დამთავრებული. ქვეყანა მანიაკისა და ტირანის ხელში იყო. ამიტომაც უნდა ჰქონდეს საქართველოს მკაცრი პოზიცია - სააკაშვილი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!


- მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ კიდევ არის შესაძლებელი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება?

 

- კადრების გავრცელების უფრო დიდ საშიშროებას ახლა ვხედავ. ჩემი პროგნოზით, ფარული ჩანაწერები უახლოეს მომავალში კიდევ გამოქვეყნდება! ეს გაკეთდება იმისთვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცოს - ვინც თქვენ დაიჭირეთ, არაფერ შუაშია. სულ სხვა ხალხი აკეთებს ამასო და სამთავრობო გუნდისკენ გაიშვირონ ხელი.


ნაცმოძრაობას დასაკარგი არაფერი აქვს, ჩემოდნებით აქვთ ქვეყნიდან გატანილი ჩანაწერები და ამ კადრებს ნელ-ნელა გამოყრიან. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაცია არიონ. მოვუწოდებ ჩვენს პროკურატურას, ძალოვნებს, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება აბარია - განსაკუთრებულად ყურადღებით იყავით, რადგან უფრო რთული პროცესი ახლა დაიწყება!


- ბარაქ ობამა გახლდათ პირველი, ვინც აღიარა, რომ მის ცხოვრებაში ყოფილა ნარკოტიკებიც, გადაცდომებიც და უარი თქვა კომპრომატებით ბრძოლაზე...

 

- დიახ, ეს იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც ასეთი განცხადებით მოიპოვა ხალხის ნდობა. ვფიქრობ, ანალოგიური რამ უნდა მოხდეს ჩვენთანაც. მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს: მოიწვიეთ უკლებლივ ყველა პარტია და შეიმუშავეთ მეომრანდუმი, რომლის მთავარი პოსტულატი იქნება: - „არა - კომპრომატებით ბრძოლას!" რადგან ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით - ერთმანეთში აიზილა ფარული კადრების დამკვეთი გადამღები, მემონტაჟე და გამავრცელებელი, დაიბლოკოს ამ თემაზე ნებისმიერი მასალა და საუბარი. დაისაჯოს ყველა - გამავრცელებელიც, მნახველიც და მთქმელიც! შესაძლოა, არადემოკრატიული ნაბიჯია, მაგრამ ეს არის ერთადერთი პრევენციული საშუალება, რომ ტალახის ერთმანეთისთვის სროლა დამთავრდეს და ქვეყანა მწყობრში ჩადგეს!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner