logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პრეზიდენტმა გაუგებარი განცხადებები გააკეთა
- +

15 აპრილი. 2016. 11:54



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილება, ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნება მიღებული.


კალაძე ფიქრობს, რომ 3 თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის აბსოლუტურად საკმარისია, ამიტომ, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება გაუგებრად ეჩვენება.

 

„პრემიერმა ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა მთავრობის სხდომაზე, თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს ხდება ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისიდან დაიწყოს. 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს", - განაცხადა კალაძემ.


კითხვაზე, ხომ არ ხედავს დაპირისპირებას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, კახა კალაძე ფიქრობს, რომ დაპირისპირება არ არსებობს.

 

„დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, თავიდან შეიძლება იყო გაუგებრობა და ჩვენი მხრიდან არასწორად იყო ინფორმაციები მიწოდებული. გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა, ეს არ უნდა გადავაქციოთ პოლიტიკურ თამაშად და ჯიბრში ჩადგომად. საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა და იმაზე საუბარი - საარჩევნო კამპანიისთვის 3 თვე იქნება თუ 5, არასერიოზულად მიმაჩნია", - განაცხადა კალაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner