logo_geo
eng_logo
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, შესაწირად გაიღონ სამი ცხვარი, ასევე ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ
- +

8 ოქტომბერი. 2017. 14:44


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, მოკლე ხანში მოამზადებენ ლოცვებს, რომელიც ადამიანს სულიერ კიბეზე ასვლაში დაეხმარება.

 

„ყოველი ადამიანი მიდის წინ ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ. ეს ზოგიერთს აღიზიანებს. ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან, ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან, ამ 40 წლის განმავლობაში რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა. შვიდი ლოცვა ღვთის დიდი წყალობაა. შვიდი ლოცვა სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა. ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის - ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები - მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს", - ბრძანა პატრიარქმა.


ილია მეორემ დღეს ორი გვარი: სანთელაძეები და სამთელაძეები დალოცა. მრევლს კი მიმართა, მოემზადონ სულიერი მოღვაწეობისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner