თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა დღეს კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე გასცა უფასო პარკირების ნებართვა. 9 თვის მონაცემებით თბილისში ასეთი საბუთი უკვე 106 სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს გადაეცა.
თბილისის მერია 4 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრომობილების მფლობელებზე უფასო პარკირების ნებართვებს მიმდინარე წლის იანვრიდან გასცემს.
როგორც „სითი კვირას" ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრემ განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინოს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-თი პარკს" გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.
ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ და საკრებულომ ელექტრომობილების მფლობელები პარკირების საფასურის გადახდისგან ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის მხარდასაჭერად გაათავისუფლა. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომით დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო. 2016 წლის მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილი მოძრაობდა.