ავტორი ალა გრიგალაშვილი
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, NDI-ს კვლევის კითხვარში არის კითხვები და შედეგები, რომლებიც არც ისე ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. პოლიტოლოგის აზრით, ეს ალოგიკური მომენტი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა არსებობს.
„მაგალითად, ღიმილისმომგვრელია დავით ბაქრაძის ლიდერობა პოლიტიკოსთა რეიტინგებში. საზოგადო კანონზომიერებაა, რომ მედიით რაც უფრო ხშირად ჩანს ადამიანი, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საზოგადობა. ამ დროს ბაქრაძეც და ნათელაშვილიც თითქმის არ ჩანან ეკრანზე. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" სიყვარულის წერილს რომ მიიღებს ბებია და იტყვის - „სად მნახა მაგ უბედურმაო" - დაახლოებით ეს სიტუაციაა. თავი რომ დავანებოთ შედეგს, კითხვაც დასმულია გაუგებრად- რას ნიშნავს, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ? რითი? რა კრიტერიუმით? „კახელმა თქვა, პომიდორი საჭმელად მომწონსო" - იგივე სიტუაციაა აქაც. ყველაფერს თავისი კრიტერიუმი აქვს - რაღაც ასპექტში შეიძლება მოგწონდეს, რაღაც ასპექტში - არა. თუ ლაპარაკია პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ გაუგებარია - მაშინ, როცა კვირიკაშვილს საქმიანობას დადებითად უფასებენ და მერე არ მოსწონთ? ე.ი. გამოდის, მისი კოსტიუმი და ჰალსტუხი არ მოსწონთ. მივდივართ კომიკურ ვითარებამდე", - ამბობს პოლიტოლოგი.