logo_geo
eng_logo
ჩინგიზ საირი: გადავწყვიტეთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს დედაქალაქთან
- +

15 აპრილი. 2016. 12:28



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეს ესტუმრნენ და მასთან გამართეს შეხვედრა თურქეთის დელეგაციის, კერძოდ, ანტალიის  რეგიონის საუკეთესო სასტუმროს „Maxx Royal"-ის მფლობელებმა და „კაპიტან პლუსის" ექსკლუზიურმა პარტნიორმა „Xclusive Travel".


სასტუმრო „Maxx Royal"-ის მფლობელები, როგორც უმაღლესი დონის სასტუმროს წარმომადგენლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი კლასის სასტუმროებსა და დამსვენებელზე, ლიბერალური საინვესტიციო გარემოსა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თავად დაინტერესდნენ  საქართველოს დედაქალაქით - თბილისით. შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მოხდა თედო კობახიძესა და დელეგაციის წევრების მიერ ბიზნეს-ხედვებისა და გეგმების გაზიარება.


ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ზაფხულის სეზონის პრეზენტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრება თედო კობახიძეც,  მოხდება 1993 წლიდან მოღვაწე ტურ-ოპერატორ „კაპიტან პლუსსა" და „კაპიტან პლუსის" ექსკლუზიურ პარტნიორ „Xclusive Travel"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 

„მინდა, აღვნიშნო, რომ ტურ-ოპერატორ „კაპიტანი+"-ის შუამდგომლობით საქმიანი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ თედო კობახიძესთან, რომელმაც თავის მხრივ სამომავლო ბიზნეს-თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის განვითარებისათვის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს  ეკონომიკური სისტემის სიძლიერეს.

 

მეც ჩემი მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ თედოსთან შეხვედრის შემდგომ, გადავწყვიტეთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს დედაქალაქთან და უახლოეს მომავალში  აქაც გავხსნათ უმაღლესი დონის სასტუმრო.

 

ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საზეიმოდ მოხდებას ტუროპერატორ  „კაპიტან+"-თან მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, იმედია,  სამომავლოდ აქტიურად  და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ", - განაცხადა „Xclusive Travel"-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩინგიზ საირიმ.

 

„აღსანიშნავია, რომ  ტუროპერატორ „კაპიტან+"-ის აქტიური ჩართულობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ესტუმრნენ თურქეთის დელეგაციის, კერძოდ, ანტალიის  რეგიონის საუკეთესო სასტუმროს „Maxx Royal"-ის მფლობელები და „კაპიტან პლუსის" ექსკლუზიური პარტნიორი „Xclusive Travel". ასევე აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში არსებული ლიბერალური საინვესტიციო გარემოსა და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დელეგაციის წევრები თავად დაინტერესდნენ  საქართველოს დედაქალაქით - თბილისით. შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ უმასპინძლა დელეგაციის წევრებს და მათთან გამართა საქმიანი ხასიათის შეხვედრა.

 

მე, როგორც დედაქალაქის საკრებულოს ერთ-ერთი წამყვანი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე, საქართველოს დედაქალაქისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ვინაიდან ის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უსვამს ხაზს.

 

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მეორე კვარტალში 354.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო დონის ბიზნესის ხელშეწყობა, რაც ტრადიციულად განაპირობებს  ეკონომიკური სისტემის სიძლიერესა და წარმოადგენს სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროს.

 

ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდგომ, პირად საუბარში „Maxx Royal"-ისა და  „Xclusive Travel"-ის წარმომადგენლებმა პირობა მოგვცეს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქშიც გახსნიან უმაღლესი დონის სასტუმროს.

 

ჩემი და ჩვენი მხრივ კი, ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ ისეთი, ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც წარმოადგენს  ასეთი ტიპის ბიზნესის ფორმირების უმთავრეს ფაქტორს", - განაცხადა კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner