საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ-ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.