„ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც 2017 წლის დასაწყისიდან გვაქვს ეკონომიკაში.
„ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებლებს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ზრდაში წარმმართველი როლი შეასრულა კერძო სექტორმა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, დადებითი ტენდენციებია საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების თვალსაზრისით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.