პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6 321.1 მლნ ლარს შეადგენს.
მისი თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1 300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1 934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით.
„29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდა არის ისტორიულ პერსპექტივაში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
„2016 წელს დაფიქსირებული 12.8 პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში დადებითად შეაფასა.