შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით 50 ე.წ. ჭკვიანი კამერაა უკვე დამონტაჟებული.
მისი თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 5 ქალაქის სრულად აღჭურვა აღნიშნული კამერებით. მისივე განცხადებით, კამერები დღეს სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა 1 ნოემბრიდან უკვე დაიწყება დამრღვევი მძღოლების დაჯარიმება, რასაც ე.წ. ჭკვიანი კამერები ავტომატურ რეჟიმში გააკეთებენ.
„დედაქალაქში დაახლოებით 50 ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული და ყოველდღიურად ემატება. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს, რომ ავტობანი იყოს დაფარული. ასევე თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური და გორი წელს უნდა დავფაროთ. ყველა პატარა ქალაქშიც კი, სადაც დიდი მოძრაობაა, დამონტაჟდება აღნიშნული კამერები. 2018 წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს დამონტაჟებული 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.