logo_geo
eng_logo
„შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!“ – სოფლის მეურნეობის გაცნობითი ტური აჭარაში
- +

20 თებერვალი. 2016. 16:53



საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, მედიასთან ერთად, აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დანერგილ სიახლეებს,  ასევე, ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერების მიღწევებს და ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის შესახებ ადგილზე გაეცნო.


კანონმდებლებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაცნობით ტურს  მეგზურობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე უწევდა.


 

 

სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრში" დაათვალიერეს კენკროვანი კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი, სასათბურე და სამაცივრე მეურნეობა, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი, ღვინის სახლი.

„აგროსერვისცენტრის" ტერიტორიაზე, ასევე ნაჩვენები იყო სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გადაცემული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები და მანქანა-დანადგარები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

          

ამავდროულად, აჭარაში ჩასულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქტების გამოფენა, სხვადასხვა ხილის წვენები, ჯემებისა და ჩირის ნიმუშები, თაფლის, ჩაის, ყველის სხვადასხვა სახეობები, თამბაქოს ნაწარმი და სხვა, რომლებიც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არაფრით ჩამოუვარდებიან, რიგ შემთხვევაში, შეიძლება მათ უცხოურ ანალოგებზე უკეთესიცაა.


 

 

 

 

 

 

ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი:  მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის განმავლობაში, რეგიონის სოფლის მეურნეობაში უკვე დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ნერგავს, აჭარაში წარმატებით ხორციელდება. მათ შორისაა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა დანერგე მომავალი", აგროდაზღვევის პროგრამა და სხვა. მაგალითად, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მიხედვით, მარტო 2015 წელს 51 913 ბენეფიციარმა მიიღო 2 831 489 ლარის ღირებულების სარგებელი და პროექტის ფარგლებში აჭარაში მოხნული მიწის ფართობმა ერთი ათას 195 ჰექტარი შეადგინა".


როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 90-ზე მეტია, რომელთა საერთო ღირებულება 5 295 550 ლარს და 7 058 177 აშშ დოლარს წარმოადგენს.


ასევე, როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმოებიც შეიქმნა. კერძოდ - ქედის ღვინის ქარხანა, თხილის გადამმუშავებელი კომპანია, ჩაის გადამმუშავებელი საწარმო, სასათბურე და სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობები და სხვა.


შეხვედრაზე, განხორციელებულ პროგრამებთან ერთად, პრობლემებზეც ისაუბრეს. ასეთად, ადგილობრივები აჭარაში მიწის რეფორმას ასახელებენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანაში მიწის რეფორმა განხორციელდა, აჭარა ამ პროცესების მიღმა დარჩა და დღეს თითქმის 20 ათასი კომლია მიწის გარეშე დარჩენილი. პასუხად კი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ დღეს, მთავრობა მიწების სისტემური რეგისტრაციის კანონზე მუშაობს და ფიქრობს არსებული პრობლემის გადაწყვეტაზე.


გელა სამხარაული, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: შთამბეჭდავია, რაც ჩვენ   აქ ვნახეთ -  როგორც იცით, პარლამენტს საკანონმდებლოსთან ერთად, საზედამხედველო ფუნქციაც აქვს, ჩვენ ჩამოვედით, რომ გავცნობოდით მიმდინარე პროექტებს. მსურს, აღვნიშნო, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისედაც ვიცოდით, რომ აჭარა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიური იყო თავის საქმიანობაში, მაგრამ ჩვენ დღეს რაც ვნახეთ, არის იმის საფუძველი და საწინდარი, რომ ვდგავართ სწორ გზაზე და უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა მიიღებს ისეთ სოფლის მეურნეობას, როგორიც დავგეგმეთ ხელისუფლებაში მოსვლის წინ."


გელა სამხარაული მიწის რეფორმის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ და შექმნილია შესაბამისი კომისიაც. მისივე ინფორმაციით, მთავრობა უახლოეს მომავალში წარმოადგენს თავის ხედვას - თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემური მიდგომა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.


ამ წარმატებების ფონზე, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ დავინახოთ ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებიც ასე თუ ისე სდევს თან ამ პროცესების განვითარებას. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, თუ რაში ხედავთ თქვენ ჩვენს - აგრარულ საკითხთა კომიტეტის, მთლიანად პარლამეტის როლს, რომ გამოვასწოროთ ვითარება ყველა მიმართულებით. თქვენ ხართ შემსრულებლები და, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი დეტალი თქვენ იცით გაცილებით უკეთესად", -აღნიშნა გელა სამხარაულმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner