logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება
- +

9 ოქტომბერი. 2017. 22:37



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტირება, რომლის მიხედვითაც სამუშაოები განხორციელდება ორგანიზაცია „icom საქართველომ" შეასრულა. პროეტირებისთვის თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ" გამოყო, ხოლო ფიზიკური სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.


ფიზიკური სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ვინაობა ერთ თვეში გახდება ცნობილი. ტენდერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის უკვე უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 994 513 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 3 ნოემბერს იწყება და 7 ნოემბერს დასრულდება, ხოლო ფიზიკური სამუშაოების დასრულების ვადად დაწყებიდან 18 თვე განისაზღვრება.


რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ბაღის მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით 25 ჰექტარის კეთილმოწყობას. ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული მცირე ფორმებისა და კეთილმოწყობის ელემენტების აღდგენა-რეაბილიტაციას და ახალი ელემენტების გაჩენას, ადმინისტრაციული შენობის, ბოტანიკური ბაღის ღობის აღდგენას და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას, სანერგე მეურნეობის მოწყობას, საპირფარეშოს განთავსებას, საჯინიბოს შენობის განახლებას, კონსერვაციის სამუშაოებს, არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებს, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას გარე განათების გათვალისწინებით, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.


ახალ დატვირთვას შეიძენს ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა. ნაგებობა XX საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება პირველ სართულზე - საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზის, ექსპოზიციის საცავი ოთახისა და სველი წერტილების მოწყობა. მეორე სართულზე კი განთავსდება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისები, სამეცნიერო-სამუშაო ოთახი, ჰერბარიუმენის საგამოფენო სივრცე.


ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია, რომელიც აშენდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ადმინისტრაციის შენობის ნანგრევების ადგილზე. ნაგებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც მოემსახურება ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს.

სანერგე მეურნეობის შენობა: პროექტით გათვალისწინებულია სამეცნიერო და სელექციური მუშაობისთვის, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში, დამოუკიდებელი შესასავლელით, 2000 კვ.მ.-ის ფართობზე მცირე სანერგე მეურნეობის მოწყობა, ამ ტერიტორიაზე დაიდგმება დამხმარე ნაგებობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები ასევე მუშა-პერსონალის გასახდელი და სველი წერტილი.


დაცვის ჯიხური - სალარო: პროექტით გათვალისწინებულია ამ ტიპის ორი შენობის განთავსება ბოტანიკური ბაღის ძირითად შესასვლელებთან დასავლეთით და აღმოსავლეთით. შენობაში გათვალისწინებულია სალაროს ფუნქციონირება, სადაც მოხდება ასევე სუვენირების გაყიდვა და დაცვის ოთახი მოსასვენებელი ფართით, შენობაში ასევე არის საერთო მოხმარების სველი წერტილი.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner