logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: მე დღესაც ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს!
- +

15 აპრილი. 2016. 13:01


 

- „ასავალ-დასავალი" ყველაზე კითხვადი გაზეთია. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ აფხიზლებთ მოსახლეობას. თქვენ გენაცვალეთ!" - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ცნობილმა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა, რომელსაც სულ მალე გოგა ხაინდრავას მხატვრულ სერიალში ვიხილავთ.


- ქალბატონო ლალი, როგორც ვიცი, გოგა ხაინდრავას მხატვრულ სერიალში სასტიკად ნაწამები სერგო თეთრაძის სიდედრის როლს ასახიერებთ.

 

- დიახ, ასეა. სერგო თეთრაძის დაჭერის სცენა უკვე გადაღებულია, ახლა სასამართლო დარბაზის სცენის გადაღება მიმდინარეობს, სადაც განსასჯელის სკამზე სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, ბოკერია, მასტერა, ქილერა, მოკლედ, სააკაშვილის რეჟიმის ბობოლა დამნაშავენი სხედან. მათ ფილმში სხვა გვარები აქვთ, მაგრამ ყველა მიხვდება, ვინ ვინ არის. გოგა ხაინდრავამ შეძლო ის, რაც ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერ გააკეთა - სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს სიმბოლური ნიურნბერგის პროცესი მოუწყო!


იქ იმხელა ემოცია და მუხტი ტრიალებს, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. მე რომ სერგო თეთრაძის დედა ვიყო, ამ ადამიანებს საკუთარი ხელით გამოვუტანდი განაჩენს და მერე ციხეში წავიდოდი. დიახ, ამას ვამბობ მე, ლალი ბადურაშვილი, რომელიც ჭიანჭველასაც არ ვადგამ ფეხს, აბაზანაში ხოჭოს რომ შევნიშნავ, გაზეთს ვაფარებს და გარეთ ვუშვებ. ხომ ვიცოდი, ნაციონალები რასაც წარმოადგენდნენ, მაგრამ ასეთი სისასტიკე?! ღირსების ნატამალი ხომ უნდა დაუტოვო ადამიანს შეუბღალავი?!


- როდისთვის იგეგმება ფილმის საჯარო ჩვენება?

 

- როგორც გოგას აქვს ჩაფიქრებული, სერიები მაისიდან გავა ეთერში. ეს არ იქნება  რიგითი სურათი. ისეთი რეალური კადრებია არაჩვეულებრივი მხატვრული თვალით დანახული, რომ ნებისმიერ ადამიანს შეძრავს. თუ ყველა ეპიზოდი ისეთი დონის არის, რაც მე მაქვს ნანახი, ეს სერიალი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დაიქუხებს და საბოლოოდ დამარხავს მიხეილ სააკაშვილს. მინდა, მოვესწრო იმ დღეს, როდესაც ხელისუფლება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს რეალურ ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს!


- ერთია ვირტუალური ნიურნბერგის პროცესი და მეორე - ჩვენი რეალობა, სადაც თქვენ მიერ დასახელებულ პირებს ინტერპოლი ძებნილის სტატუსს უხსნის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება, კოალიცია იშლება და ა.შ.

 

- კადრების გავრცელება ამაზრზენია. მტერიც კი არუნდა გასწირო ასე, თუმცა, როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე რაღაც დოზით პასუხისმგებლობა გაკისრია და იცი, რომ შენზე კომპრომატები არსებობს, რითაც შესაძლოა, სხვა სახელმწიფომ დაგაშანტაჟოს, თანამდებობიდან უნდა წახვიდე! ეს უკვე მხოლოდ შენ კი არა, მეც მეხება! ყველამ თქვენს გულში ჩაიხედეთ, განა გიღირთ ასეთი თანამდებობა?! თავის მართლებას არ სჯობს, სიბინძურეს თავი აარიდოთ და ქვეყნის ღირსებაც დაიცვათ?!


არავინ გაბედოს და რუსეთის მონობა არ დამწამოს - ლალი ბადურაშვილი საბჭოთა კავშირს მისტირისო. კარგად მახსოვს, რა უბედურებებიც ხდებოდა მაშინ, მაგრამ იმ კომუნისტური რეჟიმის დროს რაღაცებს ანგარიშს უწევდნენ. თანამდებობის პირები თავს ყველაფრის უფლებას არ აძლევდნენ. გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს ბილ კლინტონი, როდესაც მისი და მონიკა ლევინსკის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა?! თუ ამერიკელებს ვბაძავთ, მაშინ ბოლომდე მივბაძოთ.


არ დაგიმალავთ, „ოცნების" გულმხურავლე მხარდამჭერი ვარ, თუმცა, პრეტენზიები მათთანაც მაქვს.


- მაინც, რა პრეტენზიები გაქვთ?

 

- გულზე ვსკდები, როგორ ვერ მიაქვთ ხალხამდე ის, რაც გააკეთეს. ხელისუფლებამ ამ სამ წელიწადში იმდენი რამე შეძლო, მოსახლეობას წარმოდგენაც არ აქვს. ნაციონალები დღემდე 100-დან 99-ს ტყუილს ამბობენ. თქვე დალოცვილიშვილებო, გამოდით და თქვით, რომ ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვის სფეროში. ლაპარაკს რაღა უნდა, შე კაცო?! „ოცნების" ბევრი აქტიური წევრი, მათ შორის ჩემი მეგობარიც, ისე გოდრებივით სხედან პარლამენტში, მე მრცხვენია მათ ნაცვლად.


ნერვები მეშლება იმაზეც, გაუთავებლად რომ გაიძახიან, პროცესებს ბიძინა მართავსო. მისი მოყვანილია ეს ხალხი და აბა, ვის უნდა ჰკითხონ აზრი?! თუ მაია ასათიანს შეუძლია, დააბრეხვოს თავისი „ბრძნული" აზრები, ჩერგოლეიშვილი გამოვიდეს და ჭკუა გვასწავლოს, ბიძინას რატომ უნდა ჩამოვართვათ სიტყვის უფლება?! ჩვენ, ყველამ ერთად, იმის მეათასედი გავაკეთეთ, რაც ამ ერთმა კაცმა შეძლო?! ხმაც აღარ ამოვაღებინოთ?! პირიქით, სწორედ ბიძინამ უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი და აიძულოს საქმის კეთება.


ტელევიზიებში რომ გამოდიან და რუსეთის წინააღმდეგ გაჰკივიან, ასე მგონია, შეგნებულად მტრობენ ქვეყანას. იმ რუსეთში რომ მილიონობით ქართველი ცხოვრობს, მათზე არ ფიქრობთ?! არც თავდაცვის მინისტრის ანტირუსული განცხადებები მომწონს. იძიძგილაონ დიდმა სახელმწიფოებმა, დააცადე, იქნებ ერთმანეთი დაასუსტონ და შენ იხეირო!


- როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, რას ფიქრობთ კოალიციის დაშლაზე?

 

- რესპუბლიკელებში რომ გონიერი და ინტელექტუალი ხალხია, ცხადია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდათ ყოველთვის 2-პროცენტიანი რეიტინგი?! იმიტომ, რომ ქვეყნის სიყვარულით არ უძგერთ გული!


მე დღესაც ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს და მინდა, ვთხოვო მას: გულთან არ მიიტანოთ იმათი ბჟუტური, ვინც 24 საათი თქვენს ქილიკშია. პირიქით, აქტიურად ჩაერთეთ პოლიტიკაში და პასუხი მოსთხოვეთ მათ, ვისაც ქვეყნის მართვა ევალება!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner