„დიდი ხანია, ასეთი „გახარებული" და „ბედნიერი" არ ვყოფილვარ!!!" - ასე ეხმიანება ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია „საქართველოს მთავრობის დადგენილებას საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის შესახებ". აღნიშნულზე ღვინჯილია სოციალურ ქსელში წერს:
„ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადაცაა ფრთები ამომივა და ზეცაში ავიჭრები;
- ზოგჯერ კი მეჩვენება, რომ მფრინავ ხალიჩაზე ვზივარ და ომახიანად მივმართავ:
- „მაღლა ცაში ამაფრინე! ვაი! ვაი!
ამაფრინე! ამაფრინე! ვაი! ვაი!";
- რაკი ხალიჩა ადგილიდან არ დაიძრა, წავავლე ხელი მხრებზე იქვე ჩაცუცქულ ქოსიკოს და მთელი ძალით ხალიჩიდან მოვისროლე (მეგონა, ის ამძიმებდა ჯადოსნურ ხალიჩას)!!!
- ქოსიკო დაბზრიალდა, ცაში რამდენჯერმე ამოტრიალდა და ინგოროყვას ქუჩაზე, კანცელარიის შენობის წინ, ხალხით გაჭედილ მოედანზე დაეშვა;
- უცებ უბიდან ძველებური ეტრატის მსგავსი გრაგნილი ამოიღო და გაშალა;
- მოედანზე შეყრილი ათასობით მოქალაქე სმენად იქცა და ქოსიკომაც ვოკალნარევი ხმით დაიწყო:
- 2016 წლის 14 აპრილი.
- საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის შესახებ"
- ვუსმენ და ყურებს არ ვუჯერებ: ნუთუ ეს ყველაფერი მართალია?
- გაგაცნობთ დადგენილების მოკლე შინაარს, რომლის მიხედვითაც დღეს, 2016 წლის 14 აპრილს:
- შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი"" და დაინიშნა მისი თავმჯდომარე;
- დამტკიცდა დეპარტამენტის საშტატო განრიგი, დებულება და წესდება;
- საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, დეპარტამენტისათვის გამოყოფილ 300 000 ლარს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვი ფონდიდან დაემატა 999 000 ლარი და დეპარტამენტის ბიუჯეტი ამ გზით გახდა - 1 299 000;
- „სახელმწიფო ენის დეპარტამენტს", საქართველოს პრეზიდენტის წინადადებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (ცხადია, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულებით), გადაეცა ათონელის ქუჩაზე საპრეზიდენტო რეზიდენციად გამიზნული (შემდგომ კი უშიშროების საბჭოს მიერაც „დაწუნებული") ე.წ. „ორბელიანთა სასახლე"(ყოფილი აშშ საელჩო) თავისი ინვენტარითა და აუცილებელი ტექნიკით.
- ამავე დადგენილების მიხედვით, აქვე გაიხსნება ქართული ენის თანამედროვე მუზეუმი და განთავსდება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ს/კ ინსტიტუტი, რომელიც ამიერიდან იქნება დეპარტამენტის საბაზო დაწესბულება.
- იმედია, ყველაფერ ამის წამკითხველი ადვილად მიმიხვდება, თუ რატომ ვარ დღეს ასე უზომოდ გახარებული... მეტი მინდა ვთქვა და სიტყვებს ვერ ვპოულობ... გთხოვთ, მაპატიოთ, ძალიან ვღელავ!!!
- ეტყობა, ამაზეა ნათქვამი სახარებაში : „ხითხოვდით და მოგეცესთ, ხირეკდით და განგეღოსთ"!!!
- და ეს ყველაფერი მოხდა დღეს 2016 წლის 14 აპრილს!!!
- მერე რა, რომ ძველი სტილით „დღეს პირველი აპრილია?" - წერს ლევან ღვინჯილია.