„აწარმოე საქართველოს" ფარგლებში პროგრამის „აწარმოე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროს ადგილობრივი წარმოების სააგენტოს მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ გამართა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის განმარტებით, პროგრამის მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზება და ექსპორტის სტიმულირება.
პრეზენტაციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, „აწარმოე საქართველოში" აქცენტს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე აკეთებს.
„ადგილობრივი პროგრამა - „აწარმოე საქართველოში" ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო საქმიანობების განვითარებას. მათ შორის ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ამ კონკრეტულ მიმართულებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, მათში სამეწარმეო სულისკვეთებით განვითარებასა და პოტენციალის ათვისებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო კი დამატებით მექანიზმებს სთავაზობს იმ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საკუთარი ბიზნეს-იდეები აქციონ რეალობად და კომერციულად მიმზიდველ საქმიანობად. ჩვენი სააგენტოსთვის მისასალმებელია ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გამოჩენილი ინიციატივა, რომ ამ ტიპის ინფორმაცია მიეწოდოთ ახალგაზრდებს", - განაცხადა ოთარ ანთიამ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნული პროექტის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი.
„თქვენთვის ცნობილია სამთავრობო პროგრამა, რომელიც განათლების რეფორმას ეძღვნება და არის ოთხპუნქტიანი. ერთ-ერთი მიმართულება კი ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლებაა. ამ ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოქმედებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებული პროექტი - „აწარმოე საქართველოში". ამ პროექტის ფარგლებში, შევეცადეთ, რომ აღნიშნული პროექტის ავტორებთან და მესვეურებთან გვქონოდა საქმიანი ურთიერთობა და მომხდარიყო როგორც ჩვენი სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და სხვათა ჩართულობა, ვისაც კი ამის სურვილი ექნებოდა, რომ გაეჩინა დამატებითი შემოსავლის წყარო.
უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა უმაღლეს სასწავლებელში ფუძნდება პროექტი - „აწარმოე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში". გარდა იმისა, რომ პროექტი თავისთავად მიმზიდველია, მინდა, ჩვენს სტუდენტებს გამოუმუშავდეთ საქმიანი უნარები. მინდა ეს პრეცედენტი იყოს „გადამდები" სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.
როგორც სტუდენტი მარი აზირაშვილი აღნიშნავს, ამ პროექტის საშუალებით, სტუდენტებს ცოდნის რეალიზების საშუალება მიეცემათ.
„მივესალმები ჩვენი უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ იდეას, რომლის ფარგლებში სტუდენტს მიეცემა ცოდნის რეალიზების, დასაქმების საშუალება, რაც ჩვენს რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია. იდეა თავისთავად ძალიან კარგია. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი წამოწყებები", - აღნიშნა მარი აზირაშვილმა.
როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი ზურაბ გორგოძე აღნიშნავს, აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს ხელს შეუწყობთ კარიერულ განვითარებაში.
„დღეს გამართული პრეზენტაცია „აწარმოე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის რომ სტუდენტმა განივითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმდეს სამომავლოდ", - აღნიშნა ზურაბ გორგოძემ.