„აწარმოე საქართველოს" ფარგლებში პროგრამის „აწარმოე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროს ადგილობრივი წარმოების სააგენტოს მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ გამართა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის განმარტებით, პროგრამის მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზება და ექსპორტის სტიმულირება.
პრეზენტაციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნული პროექტის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი.
„თქვენთვის ცნობილია სამთავრობო პროგრამა, რომელიც განათლების რეფორმას ეძღვნება და არის ოთხპუნქტიანი. ერთ-ერთი მიმართულება კი ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლებაა. ამ ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოქმედებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებული პროექტი - „აწარმოე საქართველოში". ამ პროექტის ფარგლებში, შევეცადეთ, რომ აღნიშნული პროექტის ავტორებთან და მესვეურებთან გვქონოდა საქმიანი ურთიერთობა და მომხდარიყო როგორც ჩვენი სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და სხვათა ჩართულობა, ვისაც კი ამის სურვილი ექნებოდა, რომ გაეჩინა დამატებითი შემოსავლის წყარო.
უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა უმაღლეს სასწავლებელში ფუძნდება პროექტი - „აწარმოე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში". გარდა იმისა, რომ პროექტი თავისთავად მიმზიდველია, მინდა, ჩვენს სტუდენტებს გამოუმუშავდეთ საქმიანი უნარები. მინდა ეს პრეცედენტი იყოს „გადამდები" სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.